ანაკლიის პორტი

თალაკვაძე ანაკლიაზე: სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები განუხრელად შესრულდება

facebook.com/talakvadze

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე TBC ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ანაკლიის პორტზეც საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფო გააკეთებს "ყველაფერს თავისი ვალდებულების ფარგლებში, რომ პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს."

"სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები იქნება განუხრელად შესრულებული. იცით, რომ ეს იყო სწორედ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი. ამაში აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები დახარჯული სახელმწიფოს," - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

თალაკვაძის თქმით, პროექტს ერთი მხრივ, აქვს "სრული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან", მეორე მხრივ კი აუცილებელია, სამართლებრივი საკითხები მალე გაირკვეს:

"ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა და როგორც უკვე გითხარით, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. მართლმსაჯულებას აქვს ასევე თავისი ლოგიკა და წესები, როგორც გითხარით. მე ვფიქრობ, როგორც სახელმწიფოს, ისევე ბატონი ჯაფარიძისთვის და ბატონი ხაზარაძისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს საქმე და საკითხები, რომლებიც ამ საქმეში არსებობს, ამოიწუროს გონივრულ ვადებში."

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

პროკურატურის ინფორმაციითვე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულები არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ინფორმაციით, ის პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს 17:00 საათზე მივა.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ვითარება 2019 წლის მაისის ბოლოსაც დაიძაბა, როცა "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტისთვის "მიწათსარგებლობის წინასაწარი სარგებლობის დოკუმენტი" გაიცა და ის უკვე გაუქმებულია.

პრემიერმა ბახტაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 17 ივნისს განაცხადეს, რომ მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბრამდე გადაუწია. მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება:

"მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ."

კომენტარები