რუსთავი 2-ის საქმე

ოქრუაშვილი: 2003 წლის მთელი კამპანია, ვარდების რევოლუციის ჩათვლით, მე დავაფინანსე

"გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, რუსთავი 2-ის გამოსასყიდად დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს 1 200 000 დოლარი ნაღდი ფული გადაუხადა.

"ასევე, უსასყიდლოდ გადავუფორმე ჯორჯიან ონლაინის წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა" - ამბობს ოქრუაშვილი.

კითხვაზე, სად იშოვა ამდენი ფული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს, ""ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემ მიერ, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი ვინაობა დავასახელო. ეს არის ჩემი პასუხი. მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები, მანამდეც და მას მერეც".

ირაკლი ოქრუაშვილის თქმითვე, ვარდების რევოლუცია თავად დააფინანსა.

"თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს 1 მლნ 200 ათასი რამდენად პატარა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მე მქონდა, დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა.

კონსპირაციების და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობთ და იძახით, რომ 2003 წლის რევოლუცია სოროსმა დააფინანსა ან ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. 2003 წლის მთელი კამპანია, ვარდების რევოლუციის ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით “,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ რუსთავი ორის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა. ოქრუაშვილის მტკიცებით, რუსთავი 2 მისია, თუმცა, ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალია აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა.

"ოქრუაშვილის ფული აქვს გადახდილი კომპანიაში, ოქრუაშვილმა ასესხა 7 მლნ" - რომელ წელს იყო ეს? 2004 წელს? სად იყო ოქრუაშვილი 2004 წელს, საიდან ჰქონდა ეს თანხა, საჯარო მოხელე იყო იმ პერიოდში, მისი დეკლარაციები არსებობს, საიდან მისცა ქიბარს შვიდი მილიონი და ტელევიზიის საყიდელი ფული, ეს ყველაფერი უნდა ახსნას. რომ ახსნის, კი ბატონო, ალბათ ქიბარსაც ექნება პასუხი, მე ვიცი ქიბარ ხალვაშისგან, რომ მას არ ჰქონია რაიმე შეთანხმება ოქრუაშვილთან და ხელი მსგავს დოკუმენტზე არ მოუწერია" - ამბობს პაატა სალია.

კომენტარები