საქართველოს ისტორია

ზედელაშვილი: როგორც ჩანს, პუტინი საქართველოს ისტორიის გადაწერაშიც ბაძავს სტალინს

დავით ზედელაშვილი / დავით ზედელაშვილი

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობას ეხმიანება.

ზედელაშვილი ტაბულასთან საუბრისას განმარტავს, რომ ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინს საქართველოს ისტორიის დამახინჯებითაც კი ბაძავს.

"აქამდე რუსეთის "ცარებიდან" მხოლოდ ქართული ენის მცოდნე იოსებ სტალინი იყო შემჩნეული საქართველოს ისტორიისგან იმპერიის პოლიტიკურ პროექტთან თავსებადი მითებისა და ნარატივების შექმნაში. პუტინი, როგორც ჩანს, აქაც ბაძავს თავის როლ-მოდელ რუს ცარს და ისტორიას გვიწერს და გვასწავლის. იმპერიისთვის ისტორია პოლიტიკური პროექტია. იმპერიისგან თავის დაღწევა იმპერიის დაწერილი და თავსმოხვეული ისტორიისგან თავის დაღწევაა, ამ ისტორიის გარეთ ყოფნის მდგომარეობის მიღწევაა", - ამბობს ზედელაშვილი. 

კონსტიტუციონალისტის შეფასებით, ისტორიის გადაწერის მცდელობა რუსეთის მხრიდან კონკრეტულ მიზანს ემსახურება:

"რუსი ცარების მხრიდან ეს მხოლოდ ინტელექტუალური მასტურბაცია არ არის, კონკრეტული პოლიტიკური მიზნები აქვს - კერძოდ არ დაუშვას საქართველოს ისტორიისგან იმგვარი ნარატივის აგება, რომელიც ქართული სამოქალაქო ნაციონალიზმისთვის, ქართული ერი-სახელმწიფოსთვის დამფუძნებლ ფუნქციას შეასრულებს". 

ზედელაშვილის თქმით, კომუნისტ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენები კრემლისთვის განგაშს იწვევს, რადგანაც ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთის მრავალწლიანი ძალისხმევის მიუხედავად, ქართული სამოქალაქო ნაციონალიზმი ეთნო-რელიგიური ჩაკეტილობის ხაფანგს თავს აღწევს. 

"გავრილოვის ღამის შემდგომი საპროტესტო პროცესი პუტინისთვის განგაშს იწვევს - რამდენადაც ცხადი ხდება, რომ მიუხედავად რუსეთის საუკუნოვანი ტოტალური ძალისხმევისა ქართული სამოქალაქო ნაციონალიზმი თავს აღწევს ეთნო-რელიგიური ჩაკეტილობის ხაფანგს და სრულად წარმოაჩენს მოდერნული სამოქალაქო ნაციონალიზმის საუკეთესო მიღწევების განხორციელების პოტენციალს. ქართული სამოქალაქო ერი, რომელიც კოლაბორაციონზმთან და ოკუპაციასთან მიმდინარე ბრძოლაში იკვეთება არ არის ჩაკეტილი, კარს უღებს სხვადასხვა ეთნოსის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა ნიშნით მრავალფეროვან ადამიანებს, რომლებსაც აერთიანებთ თავისუფლების, პასუხისმგებლობის, თანასწორობისა და ღირსების კონსტიტუციური ღირებულებების ერთგულება. ამ პროექტის განხორციელება ნიშავს, რომ ეს ხალხი ამ კონსტიტუციურ ღირებულებებით შექმნის სამოქალაქო პატრიოტიზმის ფუნდამენტს, რომელზეც იმგვარ სუვერენულ სახელმწიფოს დააშენებს, რომლის ხელისუფლებაშიც იმპერიის მორჩილი მონების ადგილი აღარ იქნება. პუტინი სწორედ ამ საფრთხეზე რეაგირებს,"- ამბობს დავით ზედელაშვილი. 

რა თქვა პუტინმა და როგორ იყო სინამდვილეში წაიკითხეთ აქ.

კომენტარები