პროკურატურა: 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი სწავლობს

ტაბულა

20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. პროკურატურის ცნობით, "აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის არიან დაშავებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები".

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ 15 საავადმყოფოდან, სადაც დაშავებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და სამართალდამცავები იყვნენ მოთავსებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სრულად ამოიღეს სამედიცინო ისტორიები, პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები.

"უკვე დანიშნულია და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. სხვადასხვა ტელეკომპანიიდან და მასმედიის სხვა საშულებებიდან გამოთხოვილ იქნა პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულს ფაილს აჭარბებს. მასალის შესწავლა და ანალიზი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყება დეტალურად აღრიცხავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც მოქმედებდნენ საპოლიციო დანაყოფები, მოპოვებულია კერძო და საჯარო დაწესებულებებში განთავსებული გარე სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი ვიდეომასალა. გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 20-21 ივნისს განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით" - აცხადებს უწყება და აღნიშნავს, რომ "საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს გენერალური პროკურატურა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ამ მიზნით, მათ ეთხოვათ, საგამოძიებო უწყებას წარუდგინონ მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით".

პროკურატურის ცნობით, გამოძიება დეტალურად სწავლობს "ცალკეულ ეპიზოდებს", სადაც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნიშნები.

"საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება" - ნათქვამია განცხადებაში.

20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ორი კვირაა, პარლამენტთან აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, მიტინგის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.

კომენტარები