შსს: 20-21 ივნისის აქციის დაშლაში მხოლოდ ჩვენი სამინისტროს დანაყოფები მონაწილეობდნენ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 20-21 ივნისის აქციის დარბევაში მხოლოდ შსს-ს დანაყოფები მონაწილეობდნენ.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ოფიციალური ინფორმაცია, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ. აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.

სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამინისტროები ანდა მათი ქვედანაყოფები.

ამის ერთ-ერთი დადასტურებაა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, თითქოს ღონისძიებაში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს ე.წ. სპეცრაზმი. გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სპეციალური დანიშნულების ძალების სამმართველო 2019 წლის 14 თებერვლიდან გაუქმებულია. შესაბამისად, ამ ქვედანაყოფის საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს" - აცხადებს შსს.

ორი კვირაა, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

24 ივნისს ქართულმა ოცნებამ შეასრულა აქციის მონაწილეების მოთხოვნა და საზოგადოებას დაპირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატარებს. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

კომენტარები