ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებისთვის სამ პირს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლიბერთი ბანკის ფილიალი
Liberty Bank

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლიბერთი ბანკის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სამივე მათგანს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"დადასტურდა, რომ 2019 წლის 19 აპრილს ნ.ჯ., ა.ლ., და გ.ხ. თბილისში, ვარკეთილი 3-ს მე-3 მიკრორაიონში მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალში ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით თავს დაესხნენ ბანკის თანამშრომლებს. მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორებს 2 045 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 2019 წლის 19 აპრილს დააკავეს, გ.ხ. და ნ.ჯ. თბილისში, ხოლო ა.ლ. ქუთაისში. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად) წარედგინათ.

კომენტარები