რუსული ოკუპაცია

დაყვავების პოლიტიკა, როგორც ხაფანგი

21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევიდან სულ რაღაც 24 საათში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გამოსცა და რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში მგზავრების გადაყვანა აუკრძალა. პუტინმა ეს ნაბიჯი, საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, კომუნისტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოყოლილი ხმამაღალი პროტესტის პასუხად გადადგა. პუტინმა არც საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები დაივიწყა და მთავრობას მათი სახლში დაბრუნების ორგანიზება მოთხოვა. უკვე 24 ივნისს, რუსეთმა რვა ქართულ კომპანიას რუსეთში ღვინის შეტანა აუკრძალა.

საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულია და პუტინს სურს გვაგრძნობინოს ის ზიანი, რაც მისი ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებმა შეიძლება მოგვაყენოს. რუსეთი იმედოვნებს, რომ ეკონომიკური წნეხის და ესკალაციის საფრთხის შიშით ქვეყანა "გონს მოეგება" და ანტისაოკუპაციო ვნებებს გულში ჩაიკლავს. როგორ მივედით მოვლენების ამ განვითარებამდე? 

იძულების ბერკეტები

სახელმწიფოებს ერთმანეთზე ზეგავლენის მოსაპოვებლად ორი სახის ბერკეტი აქვთ: ხისტი და რბილი ძალა. ხისტი ძალა იმ ინსტრუმენტების ერთობლიობაა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მოწინააღმდეგე მუქარით, დაშინებით ან პირდაპირი თავდასხმის გზით დაიმორჩილო. დასავლური გაგებით, რბილი ძალა მიზიდულობის ძალაა. რბილი ძალის მეშვეობით სახელმწიფოები თავიანთი ნებით მოქმედებენ შენი ინტერესების სასარგებლოდ, რადგან შენთან ღირებულებითი ერთობა აკავშირებთ და კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა შესაძლებლობები იზიდავთ.

რუსეთს საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად ხისტი ძალის ინსტრუმენტების ფართო არჩევანი აქვს. ეს არის სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტების ერთობლიობა, რომლებსაც რუსეთი წლებია, იყენებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. 2006 წლის ემბარგო, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია და 2008 წლის ომი მხოლოდ ბოლო დროის მაგალითებია. რუსეთს ჩვენი ქცევის შესაცვლელად რბილი ძალის ინსტრუმენტებიც გააჩნია. დასავლური მოდელისგან განსხვავებით, რუსეთს ჩვენთვის შემოსათავაზებელი არაფერი აქვს, ამიტომ მისი რბილი ძალა, ძირითადად, დასავლეთისგან ჩვენი განზიდვის მცდელობაში გამოიხატება. 

რუსეთი ცდილობს დასავლური ლიბერალური დემოკრატიის მქონე ქვეყნები ამორალურ, დეკადენტურ სისტემებად წარმოაჩინოს და ამასთან, სურს დაგვაჯეროს, რომ საქართველოს არასოდეს მიიღებენ ამ სახელმწიფოთა რიგებში. რუსეთი ასევე მუდმივად ცდილობს დაგვანახოს, რომ სრულიად დაუცველები ვართ მისი ხისტი ძალის ბერკეტების წინაშე და შიშის რაციონალიზაციის გზით გვაიძულებს ისევ ტრადიციულ, ერთმორწმუნე რუსეთთან ვასალურ დამოკიდებულებაში ყოფნას დავჯერდეთ. რუსი მართლმადიდებელი კომუნისტი სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტი ამ ტაქტიკის თვალსაჩინო მაგალითია.

რუსეთთან დაყვავების პოლიტიკა, როგორც ხაფანგი 

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ რუსეთის ხისტი ძალის გასანეიტრალებლად ურთიერთობების ნორმალიზაციის, თუ როგორც ხშირად უწოდებენ - დალაგების - გზა აირჩია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ რუსეთის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა სცადა. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია რუსეთის დემოკრატ ლიდერ ბორის ელცინზე ამყარებდა იმედებს. ედუარდ შევარდნაძე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ურთიერთობების გაუმჯობესებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას პირდებოდა მოსახლეობას. თუ რამდენად წარუმატებელი აღმოჩნდა ეს დაპირებები, ისიც მოწმობს, რომ შევარდნაძემ მისი პრეზიდენტობის პერიოდში პირველად გააჟღერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი. გაპრეზიდენტების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილიც ენთუზიაზმით მოეკიდა რუსეთთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას და 2004 წელს მოსკოვში ამ იმედით ჩავიდა. სულ რაღაც ოთხ წელიწადში რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში შემოიჭრა.

2012 წელს, ამჯერად უკვე ახალმა ხელისუფლებამ ითავა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. მე-18 საუკუნის ინგლისელი მწერლის სამუელ ჯონსონის გამონათქვამი რომ გამოვიყენოთ, კვლავ ვიხილეთ იმედის გამარჯვება გამოცდილებაზე. არჩეულ დაყვავების პოლიტიკას საფუძვლად დაედო მოსაზრება, რომ საქართველო წარსულში თავისი ქმედებებით ფუჭად აღიზიანებდა რუსეთს და თუ რიტორიკას და ქცევას შევცვლიდით, რუსეთი ჩვენ მიმართ კეთილად განეწყობოდა. ამ პოლიტიკის ნაწილი გახდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოებაც. შედეგად, ხელისუფლებამ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შექმნა. საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უკვე მეშვიდე წელია, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობის გარეშე ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

ჩვენი პოლიტიკის საპასუხოდ, რა დაგვითმო რუსეთმა? როგორც მოსალოდნელი იყო, არც არაფერი. 

(1) აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შედეგად რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული გავხდით და ამ დამოკიდებულების შედეგები მიმდინარე კვირას უკვე მერამდენედ გამოჩნდა. 

(2) ამასთან, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, მავთულხლართების გავლების პროცესი და ჩვენი მოქალაქეების დაკავება არათუ შეჩერდა, არამედ დღესაც აქტიურად გრძელდება; 

(3) უფრო მეტიც, ცხინვალთან და სოხუმთან 2012 წლის შემდეგ გაფორმებული “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" ხელშეკრულებებით რუსეთმა ჩვენი ორი რეგიონის ფაქტიური ანექსია მოახდინა. 

(4) ასევე, რუსეთი კვლავ აჭიანურებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას საქართველოსთან ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების შესრულებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა განხორციელდეს. 

(5) ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, რუსეთისგან მუდმივად ვისმენთ მუქარას, რომ ჩვენი თავისუფლებისკენ სწრაფვა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს განადგურებით დასრულდება. 

(6) ამას ემატება რუსული პროპაგანდის ტალღის გაძლიერება და სხვადასხვა ფერისა და ფორმის პრორუსული ორგანიზაციების, ჯგუფებისა და პარტიების მომრავლება ქვეყანაში.

დაყვავების პოლიტიკის შედეგია ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაც. 2012 წელს რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეექვსე ადგილზე იყო. მას თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ჩინეთი და გერმანია უსწრებდნენ. მას შემდეგ რაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფონზე რუსეთმა საქართველოს პროდუქცია რუსულ ბაზარზე ეტაპობრივად კვლავ დაუშვა, უკვე 2013 წელს, რუსეთი საქართველოს მეოთხე სავაჭრო პარტნიორი გახდა და მხოლოდ თურქეთს, აზერბაიჯანს და უკრაინას ჩამორჩებოდა. 2014 წელს რუსეთმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა თურქეთის და აზერბაიჯანის შემდეგ, ხოლო 2015 წლიდან საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. 

2006 წლის ემბარგოს შემდეგ მტკივნეული ადაპტაციის პროცესი გავიარეთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ემბარგო რუსეთის საჩუქარი გამოდგა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. შევძელით პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, ბაზრის დივერსიფიკაცია და ჩაკეტილი წრიდან ისე გავაღწიეთ, რომ ეკონომიკური ზრდის უკეთესი მაჩვენებლებიც გვქონდა. 

გამოდის, რომ 2012 წლის შემდეგ არჩეული პოლიტიკის და აბაშიძე-კარასინის შეხვედრების შედეგად, რუსეთს ჩვენი ხელით უკან გადავეცით ის ხისტი ძალის ბერკეტი, რომელიც 2006 წელს წარმატებით გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ. შესაბამისად, საქართველო კვლავ მოწყვლადი გავხადეთ რუსეთის ეკონომიკური წნეხის წინაშე და ახლა ხელახლა გვიწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ დავიცვათ ქვეყანა მოსალოდნელი რყევებისგან. 

როგორ მოვიქცეთ?

გავრილოვის ჩამოსვლის გაპროტესტებისთვის საქართველოს დასასჯელად ფრენების და ღვინის იმპორტის აკრძალვა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთის რეჟიმისთვის საქართველოს თავისუფლების იდეაა მიუღებელი. ფაქტი, რომ ვბედავთ პუტინის მსახური ჩინოვნიკის ქვეყანაში ვიზიტის დაგმობას, საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთმა ეკონომიკური სადამსჯელო ოპერაცია განახორციელოს ჩვენს წინააღმდეგ. 

კარგი ის არის, რომ ლიმნისგან ლიმონათის გაკეთება 2006 წლის შემდეგ ერთხელ უკვე ვისწავლეთ და პუტინის ახლანდელი ნაბიჯები კვლავ შეგვიძლია ჩვენ სასიკეთოდ შემოვატრიალოთ. თუ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, ბაზრის დივერსიფიკაცია ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად უნდა გავიხადოთ. პუტინის ბრძანების საპასუხოდ, ეს დღეებია სამაგალითო სამოქალაქო აქტივობას იჩენს ბევრი. ინტენსიური სოციალური კამპანია დამსვენებლებს მოუწოდებს, გაატარონ ზაფხული საქართველოში და ბევრი მოხალისე უსასყიდლოდ სთავაზობს დახმარებას და მომსახურებას ვიზიტორებს. საჭიროა, შევიმუშაოთ ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა, რათა რუსეთის ზეწოლა ქვეყნის წარმატებაში ვთარგმნოთ. შემცირებული ტურისტული ნაკადისგან გამოწვეული დანაკარგების ასანაზღაურებლად უნდა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, რითაც მაღალბიუჯეტიან ვიზიტორებს მოვიზიდავთ. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა გააქტიუროს მოლაპარაკებები დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების შემოსაყვანად და რუსეთზე სარეკლამოდ დახარჯული ფული და რესურსი დასავლეთის ქვეყნებს მოახმაროს. 

ტურიზმზე მეტად პრობლემურია სოფლის მეურნეობის სფერო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მონეტარულად ნაკლებ შემოსავალს იღებს, ამ სფეროზე ბევრი ადამიანის ბედია დამოკიდებული. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ბაზრის დივერსიფიკაციის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, რომლებიც აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. ამასთან, არსებულ კონტექსტში, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. 

რუსეთთან დათბობის პოლიტიკა აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რადგან იმ მახეს ვიგებთ, რომელშიც შემდეგ თავად ვებმევით. რუსეთი ამით მხოლოდ სარგებლობს. შესაბამისად, აუცილებელია, ბევრად უფრო ენერგიულად განვაგრძოთ სვლა დასავლური სტრუქტურებისკენ და ყველა ფორუმი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ - რა არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, როგორ გვიშლის რუსეთი ამ ინტერესების მიღწევაში ხელს და როგორ არ ვაპირებთ, მორჩილად შევეგუოთ ბედს.

რუსეთის გეგმებში არ შედის დამოუკიდებელ და ძლიერ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. ნაბიჯები, რომლებიც რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულებას ზრდის და ჩვენს სუვერენტიტეტს ასუსტებს, სახელმწიფო პოლიტიკად ვერ გამოდგება. რუსეთი საქართველოს მიერ არჩეულ არგაღიზიანების პოლიტიკას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მორჩილ პროვინციად გადასაქცევად იყენებს. მივცემთ თუ არა ამის საშუალებას, ჩვენზეა დამოკიდებული.

კომენტარები