Ryanair

ეკონომიკის მინისტრი: დიდი ალბათობით, 2020 წლიდან საქართველოში Ryanair-ი შემოვა

Ryanair

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, 2020 წლიდან, დიდი ალბათობით საქართველოში ავიაკომპანია Ryanair დაიწყებს ფრენას.

"იმისთვის, რომ 2020-ში დაიწყოს Ryanair-ის ფრენები და ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, ჩვენ 2019 წლის ბოლომდე ინტენსიურად უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. ჩვენ მივიღეთ პირველი შემოთავაზება, გავაანალიზეთ, იყო გარკვეული ფრენები, რომლებიც ემთხვეოდა არსებულ ფრენებს და ჩვენი ამოცანა არის, რომ უფრო აქცენტი გავაკეთოთ ახალ ფრენებზე, საიდანაც ჩვენ მეტი ახალი ტურისტი შემოგვივა." - აღნიშნა თურნავამ.

ერთი თვის წინ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ თქვა, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება. მისი ინფორმაციით, "მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რეისები შესრულდეს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო მიმართულებებზე“.

Ryanair-თან ახალი მოლაპარაკებების შესახებ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია წლის დასაწყისში საუბრობდა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ მიმართულებებს დაამატებდა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ რამდენიმე წლის წინ, Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო.

კომენტარები