ნიკა მელიას საქმე

ბოკერია მელიაზე: ვერ წაიღებენ ფოკუსს მთავარი საკითხიდან - ეს არის გახარიას გადადგომა

სირცხვილი, პოლიტიკური და პერსონალური სირცხვილი იმ გუნდს, რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული ქვეყნის მართვაზე, ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რომელმაც არ მოინდომა, განეხილა გახარიას კრიმინალური სისხლიანი გადაწყვეტილებების საკითხი. ამის მაგივრად, სცადა პოლიტიკური ოპონენტის ციხიში გაშვება, როგორც მეთოდი, რომ ამით გახარია პოლიტიკურად გადაარჩინონ და უაღრესად დასუსტებული ივანიშვილის ხელისუფლების ძალის დემონსტრირება მოახდინონ უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით. სირცხვილი, უბრალოდ, სირცხვილი.

როდესაც პოლიტიკური დაკვეთა გაქვს, მერე ხდება სამართლებრივი რაღაცების შემოყრა და ჩარიხინება სწრაფად. სერგო რატიანს ვეთანხმები, მან გაიხსენა სარალიძის საქმე, როდესაც თვეების განმავლობაში კომისია მტკიცებულებებს სწავლობდა და ეს ხალხი ჩვენ მორალს გვიკითხავდა - როგორ შეიძლება, ასე სწრაფად, 3 თვის თავზე, უაშკარავეს საქმეში ვიღაცას ბრალს დებთო.

ახლა, როცა უჭირთ და არიან პოლიტიკურად დაჩოქილები, იმიტომ, რომ დააჩოქა ისინი ქართულმა საზოგადოებამ და არა პარტიებმა, ქართული საზოგადოება ითხოვს გახარიას გადადგომას, ვინც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ უპასუხისმგებლო, კრიმინალურ გადაწყვეტილებაზე, ახლა, ასე ერთ წამში ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე, ეს პიარ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მათი კოლეგა ციხეში გაუშვან, ოღონდ ვითომ რაღაც ამოსუნთქვა ჰქონდეთ საზოგადოების წნეხისგან.

არ გამოვა ეს ამბავი, ვერ წაიღებენ ფოკუსს იმ საკითხიდან, რაც მთავარია - გახარიას პასუხისმგებლობა, ანუ პოლიტიკური ფასის გადახდა, როცა ასეთ კრიმინალურად უპასუხისმგებლოდ მოიქცევი

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ TV პირველთან საუბარში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი შეაფასა. პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.

კომენტარები