აშშ-მექსიკა

აშშ-ის საზღვარზე მდინარის გადაკვეთისას 26 წლის სალვადორელი კაცი და 23 თვის ბავშვი დაიხრჩვნენ

AP

აშშ-ის სამხრეთით, ტეხასის შტატთან მდინარე რიო გრანდეს გადაკვეთისას 26 წლის სალვადორელი კაცი და მისი 23 თვის შვილი დაიხრჩვნენ.

ოსკარ ალბერტო მარტინეს რამირესის და მისი ქალიშვილის, ვალერიას სხეულები მდინარემ ორშაბათს გამორიყა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოსკარი ოჯახთან ერთად ამერიკაში გადასასვლელად აშშ-მექსიკის საზღვართან მდებარე მექსიკურ ქალაქში კვირას ჩავიდა და აშშ-ის წარმომადგენლებს მისთვის, მისი ქალიშვილისა და მეუღლისათვის თავშესაფარი სთხოვა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ თავშესაფრის მიღების პროცესის დაწყებას რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა, ხოლო თავად პროცესს თვეები, გადაწყვიტა ტეხასის შტატში გადასასვლელად მდინარე გადაეცურა.

მედიის მიხედვით მისმა მეუღლემ პოლიციასთან საუბარში თქვა, რომ ოსკარმა მდინარე ჯერ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაკვეთა და მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის მხარეს სანაპიროზე გადაიყვანა უკან ცოლის გადასაყვანად მობრუნდა, თუმცა მცირეწლოვანი შვილი მას წყალში შეჰყვა. შვილის გადარჩენის მცდელობისას ორივე მათგანი დინებამ ჩაითრია.

ფოტომ აშშ-ის საემიგრაციო პოლიტიკის თაობაზე კამათი განაახლა. მას 3 წლის სირიელი ბიჭის ფოტოს ადარებენ, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მექსიკას მოუწოდებს შეაჩეროს მათ შორის არსებულ საზღვარზე არალეგალი მიგრანტების გადასვლა და წინააღმდეგ შემთხვევაში ტარიფების დაწესებით იმუქრება. საზღვარზე დამატებითი ძალების მობილიზება როგორც აშშ-მა, ასევე მექსიკამაც განახორციელა. მექსიკამ დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა ქვეყნის სამხრეთით გვატემალის საზღვართანაც.

ტრამპის ადმინისტრაციის რეფორმების შემდეგ თავშესაფრის მაძიებლებს მათი აპლიკაციის განხილვამდე მექსიკაში მოცდა მოუწევთ. ზოგიერთ შემთხვევაში აპლიკაციის განხილვა რამდენიმე თვე და წელიც კი გრძელდება.

აპრილში რიო გრანდეს გადაკვეთისას ნავის გადაბრუნების გამო 3 ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა. კვირას კი საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისას ძლიერი სიცხის გამო ქალი და მისი არასრულწლოვანი შვილი დაიღუპნენ.

კომენტარები