რუსეთ-საქართველო

რუსი ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% საჰაეროთი

თბილისის აეროპორტი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრასპორტით შემოდის ყაზბეგის გავლით, მაშინ როცა საავიაციო ტრანსპორტით მათი 29% ჩამოდის საქართველოში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დათვლით, პირდაპირი საჰაერო რეისების აკრძალვით, თუ ტურისტები ალტერნატიულ გზებს არ გამოიყენებენ, 2019 წელს საქართველოს ტურიზმის სექტორს 100 მილიონ დოლარიანი ზარალი მიადგება.

ჯამში საქართველოს 2018 წელს რუსეთიდან 1 404 610 ვიზიტორი ეწვია, აქედან ტურისტი 1 083 874 ადამიანი იყო. ტურისტად ითვლება ის, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი ღამე გაათია. საშუალოდ, რუსი ვიზიტორები საქართველოში 6.3 დღე რჩებოდნენ. მათი ორი მესამედი საქართველოში განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდა, ერთი მესამედი კი პირველად.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის მონაცემებით, საშუალოდ, რუსი ვიზიტორი საქართველოში ჩამოსვლისას 1326 ლარს ხარჯავს, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპელი 1888-ს, ხოლო დასავლეთ ევროპელი 2337-ს.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

კომენტარები