მერია დარბევაზე გაუფრთხილებლობაზე: 5 დღით ადრე არ შეგვატყობინეს, ვალდებულება არ გვქონდა

IPN

თბილისის მერია ამბობს, რომ მათ არ ჰქონდათ ვალდებულება, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობა დარბევის შესახებ გაეფრთხილებინათ, რადგან ორგანიზატორებმა მერიას 5 დღით ადრე არ შეატყობინეს, რომ აქციის გამართვას გეგმავდნენ. 

ტაბულა თბილისის მერიას დაუკავშირდა, რათა ეკითხა, კანონის თანახმად, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა მოსალოდნელი დარბევის შესახებ და რატომ არ მოუწოდეს მათ დაშლისკენ. 

"დარბევის შესახებ გაფრთხილების ვალდებულება აქვს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც გამოყოფს ადგილობრივი თვითმმართველობა მას შემდეგ, რაც აქციის გამართვამდე 5 დღით ადრე ორგანიზატორები შეატყობინებენ ადგილობრივ თვითმმართველობას. აღნიშნულიდან სამ დღეში კი მუნიციპალიტეტი უფლებამოსილ წარმომადგენელს გამოყოფს. იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს უკანონო სახეს, აღნიშნული პირი ვალდებულია, შეატყობინოს აქციის მონაწილეებს იძულებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ. იქედან გამომდინარე, რომ გუშინდელი აქციის გამართვის შესახებ შეტყობინება 5 დღით ადრე მერიაში არ შესულა, შესაბამისად, ჩვენ უფლებამოსილი წარმომადგენელი არც გამოგვიყვია და არც ამის ვალდებულება გვქონდა. კანონიერი ჯაჭვი თავიდანვე უკანონოდ აეწყო.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება შეიძლება თავისუფლად ჩავთვალოთ, უფლებამოსილი წარმომადგენლის, უშუალოდ მერის მიერ მოსახლეობის გაფრთხილებად,"- ნათქვამია მერიის პასუხში. 

20-21 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ ანტირუსულ აქციაზე გასული ათასობით მოქალაქე რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. 

დარბევა მოულოდნელად დაიწყო - პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის პირობიდან, რომ დარბევა "ქართული ოცნების" ხელწერა არაა, ზუსტად 7 წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო და გაზი გაუშვა. 

აქციის დარბევამდე ხელისუფლებას მოქალაქეები არცერთხელ გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არ მოუწოდებია. 

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი წარმომადგენელი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა. ამ შემთხვევაში თბილისის მერია. 

კანონის მიხედვით, სწორედ კახა კალაძეს უნდა გაეფრთხილებინა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები დარბევის შესახებ და მათთვის დაშლისკენ მოეწოდებინა.

2011 წლის 26 მაისს პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია შუაღამით სპეცრაზმმა დაშალა. თუმცა, დარბევამდე თბილისის მერიამ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები. 

პირველი განცხადება მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებდნენ, აქცია სხვა ადგილას გადაეტანათ, რადგან 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს იქ აღლუმი უნდა ჩატარებულიყო. მოგვიანებით კი, თბილისის მერიამ "სახალხო კრების" ლიდერებს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ მათ აქციის სხვა ადგილზე გადასატანად დრო 25 მაისის ღამის 12:00 საათამდე ჰქონდათ და დაშლისკენ მოუწოდა. 

კომენტარები