ლგბტ კვირეული

საპატრიარქო: LGBT ხელშეწყობა იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც დასავლეთს ეწინააღმდეგება

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ლევან ვასაძის განცხადებებთან და თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

მასში წერია, რომ ლგბტ ჯგუფების აქტივობის ხელშეწყობა იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც დასავლეთს ეწინააღმდეგება, ამიტომ, საპატრიარქო დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, ეს ფაქტორი გაითვალისწინონ. 

საპატრიარქო არაფერს ამბოობს ლევან ვასაძის მიერ ძალადობისკენ მოწოდებსა და დაჯფუგების შექმნის შესახებ განცხადებებზე.  

"საქართველოს საპატრიარქომ, გრძნობდა რა დაძაბულობის საშიშროებას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება. დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში  მღელვარებაა; ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც.

ფაქტია, რომ სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად და ღირსების შელახვად  მიიჩნევა და  აჩენს სამართლიან პროტესტს ტრადიციული ღირებულებების დამცველ ადამიანებში.

როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის. ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად.

ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ძალადობისაკენ მოწოდებას და სიძულვილის ენას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ LGBT ჯგუფების აქტივობების ორგანიზატორები და ხელშემწყობნი, ჩვენი აზრით, იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომელნიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და მათი ძალისმევა ხელს შეუწყობს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, რადგან ვიცით, რომ ერთიანი ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა არ ნიშნავს ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, თვითმყოფადობაზე უარის თქმას. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ნუ დაუკარგავენ ამ განწყობას საქართველოს მოსახლეობას"

ლევან ვასაძემ, რომელიც რუსი იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას "ნამდვილი კაცების აქცია" უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.

მან თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან, რომლებიც "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი იქნება. "ჩვენ მათ [გეებს] შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან", - თქვა ვასაძემ.

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო, თუმცა, ვერის ბაღში რაზმებად დარეგისტრირება კვლავ გრძელდება.

ზემოთნახსენები დუგინი კი, რომელთან ვასაძე დაახლოებულია, ნეოიმპერიალისტური იდეებით გამოირჩევა. ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. "რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა" - ასეთია მისი იდეა. დუგინი მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

კომენტარები