ძალადობა ჟურნალისტებზე

ძალადობა და შეურაცხყოფა - როგორ ექცეოდნენ ჟურნალისტებს ძალადობრივი ჯგუფები 14 ივნისს აქციაზე

გუშინ კანცელარიასთან თბილისი პრაიდის წინააღმდეგ შკრებილი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები გარდა იმისა, რომ პრაიდის მხარდამჭერებს ემუქრებოდნენ და მათზე საძალადოდ იწევდნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შუერაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს.

14 ივნისს აქციაზე "სად ხარ სახელმწიფოვ" ტვ პირველის ჟურნალისტ სესილი ბოკერიას პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.

ნეტგაზეთის ჟურნალიტს, რომელიც კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო. ჟურნალისტ გიორგი დიასამიძის თქმით, პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.

"პირი, რომელმაც ტელეფონი წაართვა, მანამდე ეკითხებოდა თუ ვინ იყო და რომელ მედიას წარმოადგენდა, რის შემდეგაც ტელეფონი წაართვა" - წერს ნეტგაზეთი.

მომხდარის ამსახველი ვიდეო ლიბერალმა გადაიღო.

 

კონტრაქციის მონაწილეებმა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას, სამართალდამცველებმა კი მას დაცვის ნაცვლად ტერიტორიის დატოვება ურჩიეს: “ხომ ხედავთ, ყველაფერი აღიზიანებთ [იგულისხმება კონტრაქციის მონაწილეები]”.

იქამდე სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აქციიდან ნეოფაშისტების შეძახილების ფონზე გაიყვანეს. პოლიციელები მას მოუწოდებდნენ, არ გამოჩენილიყო, რადგან ეს მისი მხრიდან პროვოკაციად აღიქმებოდა.

შეურაცხყოფა მიაყენეს ლიბერალის ჟურნალისტსაც. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ კონტრაქციის მონაწილეები “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფსაც.

“რა სულელი ყოფილხარ” - ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ნინო ხოზრევანიძეს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ მივიდნენ აქციაზე, რადგან მათ მისვლას დაპირისპირება მოჰყვა.

 

დღეს კი საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:"დღეს TV პირველი = LGBT"

 

მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტების მიმართ გამოჩენილ აგრესიის ფაქტებს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაიცვას ჟურნალისტების უსაფრხოება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან აგრესიული ჰომოფობიური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება.

კომენტარები