შალვა თადუმაძე

წულუკიანი: არ დაგიმალავთ, გამიხარდა შალვა თადუმაძის ინტერესი, გახდეს უზენაესის მოსამართლე

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მოქმედი მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის მონაწილეობის შესახებ მედიით გაიგო და გაუხარდა კიდეც.

"ის, რომ ბატონ შალვას აქვს ინტერესი უზენაეს სასამართლოში იყოს მოსამართლე, ეს მე შევიტყვე მედიიდან. არ დაგიმალავთ, რომ მისი ამ ინტერესის შესახებ გამიხარდა კიდეც, მაგრამ დაველოდოთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რადგან წინ მას უძღვის კონკურსი", - უთხრა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ თადუმაძე გენერალური პროკურორის ფუნქციებს "შესანიშნავად ასრულებს", არის პოლიტიკურად ნეიტრალური და მისი წასვლა პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება.

"რაც შეეხება გენპროკურორობიდან მის შესაძლო წასვლას, ვფიქრობ, ეს პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება, რადგან ის შედარებით ახალდანიშნული პროკურორია, მას აქვს სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიზნები მისაღწევი და ვფიქრობ, რომ ის ამ ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს. მე ვფიქრობ, რომ ბატონი შალვა შესანიშნავი გენპროკურორია, პოლიტიკურად ნეიტრალური, მან ეს საქმეში აჩვენა და ამ მხრივ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ვფიქრობ კითხვები არ იქნება ან ნაკლები იქნება", - თქვა მინისტრმა.

მოქმედ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს. თადუმაძის გვარი იმ სიაშია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა. სიაში სულ 144 ადამიანია და მათ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად კონკურში მონაწილეობისთვის გაიარეს რეგისტრაცია.

კომენტარები