რუსეთი

პუტინისადმი ნდობის შემცირებული მაჩვენებლის შემდეგ, ВЦИОМ-მა მეთოდიკაში ახალი კითხვა ჩასვა

ვლადიმირ პუტინი
AP

მას შემდეგ, რაც ბოლო კვლევების მიხედვით, რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელმა ისტორიული მინიმუმი აჩვენა, კვლევითმა ორგანიზაცია ВЦИОМ-მა, რომლის 100%-ვე სახელმწიფო ფლობს, კვლევის მეთოდოლოგიაში დამატებითი კითხვა დაამატა, რამაც სურათი შეცვალა. 

რუსული სააგენტო Meduza-ს ცნობით, ორგანიზაციამ პოლიტიკოსებისადმი ნდობის მაჩვენებლის გასაზომად მეთოდოლოგიაში "დახურული კითხვა" დაამატეს, რომლის დროსაც რესპონდენტს კონკრეტულ სახელსა და გვარს ეუბნებიან და ეკითხებიან, ენდობა, თუ არა მას. მაგალითად, მათ ეკითხებიან: "ენდობით ვლადიმერ პუტინს? კი ან არა". ამგვარი კითხვის შედეგად პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელმა 72.3%-ს მიაღწია. 

ВЦИОМ-ის მიერ 28 მაისს გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელმა იმ ქვეყანაში, რომელსაც 19 წელია, მართავს, ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. კვლევის მიხედვით, პუტინს მოსახლეობის მხოლოდ 31.7% ენდობა. ეს 2006 წლის შემდეგ (როდესაც ორგანიზაციამ კვლევების ჩატარება დაიწყო) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

თუმცა, დაბალი რეიტინგის მიუხედავად, პუტინს მაინც იმაზე მეტი ნდობის მაჩვენებელი აქვს, ვიდრე სხვა რომელიმე რუს პოლიტიკოსს. ВЦИОМ-ის კვლევის მიხედვით, მეორე ადგილს ნდობის მაჩვენებლის მიხედვით, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს აქვს (14.8%). მესამე ადგილს კი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იკავებს 13%-იანი ნდობის მაჩვენებლით. ამავდროულად იზრდება პუტინის ელექტორალური რეიტინგიც. 

ВЦИОМ-ის ცნობით, პუტინმა ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი ამავე წლის იანვარში აჩვენა. მაშინ მას მოსახლეობის 32.2% ენდობოდა. რუსული მედია წერს, რომ პუტინის მიმართ ნდობამ 2018 წლის ივნისიდან იწყო კლება, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა საპენსიო ასაკი გაზარდა. ВЦИОМ-ის 2018 წლის 27 მაისის მონაცემებით, პუტინს მოსახლოების 46.9% ენდობოდა. 

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, რომ პუტინისადმი ნდობის მაჩვენებლის ვარდნამ კრემლში უკმაყოფილება გამოიწვია. პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, სოციოლოგებს სთხოვა, მათთვის აეხსნა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ პუტინისადმი თან ნდობის მაჩვენებელი იკლებდეს და ამავდროულად ელექტორალური რეიტინგი იზრდებოდეს. 

ВЦИОМ-ის ხელმძღვანელმა ვალერი ფიოდოროვმა შედეგებზე საუბრისას თავიდან განაცხადა, რომ პუტინისადმი ნდობის მაჩვენებლის ვარდნა იმით აიხსნება, რომ მოსახლეობას მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესების არ სჯერათ. თუმცა, მოგვიანებით მან დაწერა, რომ პრეზიდენტისადმი ნდობის მაჩვენებელი კი არ იკლებს, არამედ იკლებს კერძოდ პუტინის მონიშვნა იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებსაც რუსები ენდობიან.

ფიოდოროვის ამ განცხადების შემდეგ, ВЦИОМ-მა მეთოდიკაში დამატებითი დახურული კითხვა გააჩინა.

კომენტარები