ფოთის პორტი

ფადი ასლი ფოთის პორტზე: მთავრობას ჰგონია, ხალხი სულელია და ყველაფერს დაიჯერებს

ტაბულა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი ფოთის პორტთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ წარმოუდგენელია, გაცემული ნებართვა პირადად ბიძინა ივანიშვილთან არ ყოფილიყო შეთანხმებული.

"პრემიერ-მინისტრი საპირფარეშოში არ გადის ისე, მინიმუმ ორჯერ თუ არ გაიარა საკითხი და ახლა გვეუბნებიან, რომ ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ისე დებს ხელშეკრულებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან არაა შეთანხმებული. ამათ ჰგონიათ, რომ ხალხი სულელია და ყველაფერს დაიჯერებს." - უთხრა ასლიმ რუსთავი 2-ს.

ფადი ასლის თქმით, ინვესტორებთან მსგავსი დამოკიდებულება გაუმართლებელია, თუმცა ის ცვლილებებს იქამდე არ ელის, სანამ ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილი დარჩება:

"არ შეიძლება მსხვილ ინვესტორებთან ასე თამაში. ერთ დღეს აძლევ ნებართვას, მეორე დღეს ხელშეკრულებას უჩერებ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია. ეს არის არაპროფესიონალიზმის უმაღლესი გამოვლინება და სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ქვეყნის მმართველი, ჩვენ ასეთი ფაქტების წინაშე ყოველდღიურად დავდგებით."

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტისთვის "მიწათსარგებლობის წინასაწარი სარგებლობის დოკუმენტი" გაიცა და ის უკვე გაუქმებულია.

კომენტარები