კრიმინალი

ქურდობისა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის საფრანგეთში 4 ქართველი დააკავეს

REUTERS

საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ევროპელ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს. დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ჯ.შ., 1992 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული თ.ხ. და 1987 წელს დაბადებული, ე.წ "ქურდული სამყაროს" წევრი - ბ.ჩ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს. ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული 
ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ.

სამართალდამცველებმა საფრანგეთში, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი" - აცხადებს შსს.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 312-ე და 450-ე 
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქართველმა და ფრანგმა  სამართალდამცველებმა, საფრანგეთში მოქმედი ამავე ორგანიზებული  დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი ქურდობის ფაქტებზე 
ამხილეს, რომელთა დაკავების მიზნით გრძელდება ერთობლივი 
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა.

"შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დავაკავეთ საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. კანონიერი ქურდი" - აღნიშნავს შსს.

კომენტარები