დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ჟორჟოლიანი: სოციალ-დემოკრატები უმრავლესობის დატოვებას არ გამოვრიცხავთ

გია ჟორჟოლიანი
ტაბულა

გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სოციალ დემოკრატებმა შესაძლოა უმრავლესობა დატოვონ და არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა, თუმცა წასვლის ზუსტ თარიღს არ ასახელებს. 

ამის შესახებ ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მიზეზად განსხვავებული ხედვები დაასახელა, ძირითადად ეკონომიკური საკითხების ირგვლივ. მისივე თქმით, ის ამის შესახებ უკვე ელაპარაკა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. 

"ჩვენ იმის თაობაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები გვაქვს იმ ხედვებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეთმობა ჩვენი პოლიტიკა, ძალიან დიდი ხანია გვაქვს გაცხადებული. მუდმივად ამაზე საუბარი არის. ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებლად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ უმრავლესობა, მაგრამ როდის, ამას ვერ გეტყვით ახლა, ამ წუთში. 

ბიძინა ივანიშვილს ერთხელ კი არ შევხვედრილვარ მე. ძალიან ხშირია ჩვენი შეხვედრები. ის არის ყველაზე დიდი პარტიის თავმჯდომარე. მე ძალიან ვაფასებ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ... მოგეხსენებათ, პლატონი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია,"- ამბობს ჟორჟოლიანი. 

უმრავლესობა უკვე დატოვა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმაც და თქვა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატად აპირებს პარლამენტში დარჩენას. ჟორჟოლიანის გარდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში ერთადერთი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილია. 

ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები