ვენესუელა

"ჩვენ მათხოვრები არ ვართ" - მადუროს რეჟიმი ქვეყანაში ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებს

Getty Images

ნიკოლას მადუროს რეჟიმმა ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე უარი თქვა. მათ კოლუმბიასთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაკეტეს. მედიაში გავრცელებულ სურათებში ჩანს, რომ ხიდზე სატვირთო კონტეინერებია განთავსებული.

ეს ხიდი ერთ-ერთი იმ სამი პუნქტიდან, რომლებიც გასულ კვირას ხუან გუაიდომ დაასახელა. მან მთავრობას მოუწოდა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება ბრაზილიიდან და კოლუმბიიდან შეეშვა. მან სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

"ჩვენ მათხოვრები არ ვართ." ასე უპასუხა მადურომ მის მოწოდებას.

შეგახსენებთ, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის 77 არასრულწლოვანი.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

გაეროს ინფორმაციით 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები