საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს. რუსმა ოკუპანტებმა მამა დავით დურგლიშვილი ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.
რუსმა სამხედროებმა შიდა ქართლში სოფელ ნიქოზში საოკუპაციო ხაზთან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მომსახურე სასულიერო პირი, მამა დავით დურგლიშვილი გუშინ დააკავეს. მას ოკუპანტები დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთას ედავებოდნენ.
მამა დავით ჭიღლაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ამბობს, რომ მამა დავით დურგლიშვილი რუსმა სამხედროებმა საღამოს საკუთარი მინდვრიდან წაიყვანეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
"მინდორი, საიდანაც მამა დავითი წაიყვანეს საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება. მას ყანაში, თანასოფლელებთან ერთად, თაგვის წამალი შეჰქონდა. ზუსტად არ ვიცი, რამდენ ადამიანთან ერთად იყო, მაგრამ ყველამ მოასწრო გამოქცევა. მამა დავითი კი წაიყვანეს" - განაცხადა მამა დავით ჭიღლაძემ.
საზმაუს ცნობით, მამა დავით დურგლიშვილი ოკუპირებული სოფელი ავნევიდან არის, 2008 წლის შემდეგ კი გორში ცხოვრობს.





