სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით მის შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
"თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში." - წერია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გრიგოლ ივანეიშვილი კი, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, გუშინ დააკავეს.





