ევროპული საქართველოს ცნობით, ქვეყნის 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და სკოლამდე ათობით კილომეტრს ფეხით გადის.
ამის შესახებ პარტიის ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ამის მიზეზი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გაუაზრებელი გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, რაიონებს სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა ჩამოერთვათ.
"დღემდე მიდის პროცესი, რომ ინდივიდუალურად ხდება, აი, ამ ნებართვების აღება და ახლა ხდება ტრანსპორტის დაკონტრაქტება. სავარაუდოდ, უფრო ძვირად იმიტომ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებებით ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროის მონაცემებით, 36 რაიონიდან თითქმის უმრავლეს შემთხვევაში ჯერჯერობით სატრანსპორტო მომსახურებას მოკლებულები არიან სკოლები ანუ ბავშვები ამ სიცივეში სოფლიდან სოფელში ფეხით გადაადგილდებიან. აი, ეს ორი, თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელი რამ - უპასუხისმგებლო პრემიერმინისტრი, უპასუხისმგებლო მისი ადმინისტრაცია იღებს მავნებლურ, არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებას და შედეგად, 6 თვის თავზე ჩვენ ვიღებთ ბავშვებს, რომლებიც სიცივეში სკოლამდე ათობით კილომეტრს ფეხით გადიან,"- თქვა გიგი უგულავამ.
მისივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 14 იანვარს სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ყველასთვის ცხადი იყო, სატრანსპორტო ტენდერი 28 დეკემბერს ჩატარდა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გამოეხმაურა სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემას და თქვა, რომ მოსწავლეების გადაადგილების უსაფრთხოება მისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და სამინისტრო სხვა უწყებებთან კოორდინირებულად ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.
ევროპული საქართველო
უგულავა: პრემიერის უპასუხისმგებლობის გამო, ათასობით ბავშვი სიცივეში სკოლამდე ფეხით მიდის

ტაბულა




