სასამართლო სისტემა

დემოკრატიული ქვეყნების მოსამართლეების ჩართვა პროცესში - ევროპული საქართველოს წინადადება

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, ქართულ ოცნებაში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივაცია არის გავლენისთვის ბრძოლა. TV პირველის ეთერში ბოკერიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ მომენტში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების მომხრე ფრთის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

"მათ დაულაგეს სასამართლო, სხვები არიან უკმაყოფილოები და ითხოვენ წილს ამ გავლენაში. შეიძლება, იქ არის გულწრფელი ნაწილიც, რომელსაც სჯერა, ან გულწრფელად მოძულე წინა ხელისუფლების, ან გულწრფელად სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მჭმუნვარე, მაგრამ ძირითადი ხაზი არის გავლენისთვის ბრძოლა ივანიშვილის კარზე. მაგრამ ჩვენი საზოგადოების მიზანი ის კი არაა, ბესელია გაიტანს თავისას თუ არა, რეალური დამოუკიდებლობაა ამოცანა, ოღონდ ისეთი დამოუკიდებლობა, რომელსაც არ ურევია კორუფცია, ორგანიზებული დანაშაულის გავლენა, ნაცნობობა, ჩაწყობა, ეგეც დამოუკიდებლობა არ არის, ეს ყველაზე საშიში კომბინაციაა. ეს არის სწორედ სირთულე სასამართლო ხელისუფლების რეფორმის, სხვა ხელისუფლების შტოებთან შედარებით" - თქვა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

მისი შეფასებით, გამოსავალი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და პროცესში უფრო ღრმა დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნების მოსამართლეების ჩართვაა.

"წინა ხელისუფლებამ, ჩვენ ძალიან გვიან შემოვიღეთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არასწორი მოტივაციით, სიფრთხილის გამო. ამ ხელისუფლებამ გაფართოების ფაქტობრივად დაბლოკა, შემოიღო ინსტრუმენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით, როცა არანაირი გაფართოება არ ხდება ამ ინსტიტუტის.

ასევე, ევროპული საქართველოს წინადადებაა, რომ ამ ეტაპზე მოგვიწევს უფრო ღრმა დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნების მოსამართლეების ჩართვა ამ პროცესში რაღაც დონეზე, რომ ბიძგი მივცეთ რეალურ დამოუკიდებლობას, ოღონდ ისეთს, რომელიც, დამოკიდებული არ გახდება ქრთამზე, ორგანიზებულ დანაშაულზე, კრიმინალზე, ანუ არც ერთი არ გვინდა.

ჩვენ ის მოდელი ხომ ნაღდად არ გვინდა, რაც შევარდნაძის დროს იყო - თან კორუფცია, თან პოლიტიკური დაკვეთის შესრულება მაღალ დონეზე, ვარდების რევოლუციის შემდეგ კი გადაიჭრა კორუფციის პრობლემა, მაგრამ ნამდვილად არ გადაჭრილა დამოუკიდებლობის პრობლემა. დღეს ოცნება გვაბრუნებს წინა წარსულში, ჩვენ გვჭირდება წინსვლა, ამას სჭირდება მოქალაქეების მონაწილეობა ამ პროცესში, ეს არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რასაც მოაქვს რეალური შეჯიბრობითობა და გვჭირდება ღრმა ტრადივიული ქვეყნებიდან მოსამართლეების ჩართვა ამ პროცესში, რათა ბიძგი მივცეთ" - თქვა ბოკერიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს წარუდგენს. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო გახდა.

მოსამართლეები მიმდინარე სესიაზე უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიმდინარე სესიაზე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.  

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით, დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა ეკა ბესელიამ. ასევე, მან თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცედურის დაცვით, კანონის დაცვით და გადაწყვეტების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება."

კომენტარები