გიგა ოთხოზორიას საქმე

საია: ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

საიას ინფორმაციით, 2018 წლის 8 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

კერძოდ, საიას ცნობით, სასამართლომ რუსეთს, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. 

"ევროპული სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, რუსეთის ფედერაციას სწორედ გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით მოუწევს პასუხის გაცემა, კერძოდ, დაირღვა თუ არა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლება და რამდენად ეფექტური იყო ეროვნული საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი მკვლელობის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება. ამასთან, სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს მოთხოვა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გ. ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლების წარდგენა. რუსეთის ფედერაციას კითხვებზე პასუხის გასაცემად ვადა 2019 წლის 7 მარტამდე განესაზღვრა.

გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია პრეცედენტული მნიშვნელობა, რადგან სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.  

ამავდროულად, ოთხოზორიას საქმე ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ საგანგაშო ვითარებას ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით და კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე",- აღნიშნულია საიას განცხადებაში. 

გიგა ოთხოზორია რუსეთის წინააღმდეგ - საიამ ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2018 წლის 12 იანვარს მიმართა. 

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვართან მდგომ შეიარაღებულ ე.წ მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას  ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. ამის შემდეგ, რაშიდ კანჯი ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც. გიგა ოთხოზორიამიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ რაშიდ კანჯი ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.  

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიასმკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.  

2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

კომენტარები