არჩევნები 2018

გვენეტაძე ვალების ჩამოწერაზე: ეს არის ერთჯერადი აქცია

პარლამენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, მთავრობის ინიციატივა მოქალაქეებისთვის ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის შესახებ კარგია. 

გვენეტაძემ ამ საკითხზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ენმ-ის წევრი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა. 

გვენეტაძემ თქვა: 

"ეროვნული ბანკის როლი, ამ შემთხვევაში, იყო და არის ორ ბიზნესსუბიექტს შორის დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით კონსულტანტის როლის თამაში. რადგანაც, თუ და როდესაც ეს გარიგება განხორციელდება, ეს წარმართული იყოს ხარვეზების გარეშე. 

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის ფისკალური აგენტი და მას აქვს ვალდებულება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 

მოგეხსენებათ, რომ ინიციატორი იყო მთავრობა და შემდეგ გარიგება ხდება ორ ბიზნესს შორის, ორ ბიზნესსუბიექტს შორის. 

რა თქმა უნდა, იყო მიკროსაფინანსოებთან შეხვედრა. ეროვნულ ბანკში იყო ეს შეხვედრა. თავად მიკროსაფინანსოებმა გვთხოვეს ეს შეხვედრა. რადგანაც მოლაპარაკება გრძელდება ფონდთან, რომელიც აპირებს ამ ვალდებულებების გამოსყიდვას. იყო საუბარი, მათ შორის, დაბეგვრასთან დაკავშირებითაც და იმისთვის, რომ მათ ზუსტად გაეგოთ, რას ნიშნავდა ეს საგადასახადოს და იურიდიული კუთხით, ამიტომ ითხოვეს ეს შეხვედრა. 

არის გარკვეული რაოდენობა მოქალაქეებისა, რომლებსაც, იმის გამო, რომ არ შეუძლიათ ამ სესხების მომსახურება, მათ აქვთ ასეთი სტატუსი აქვთ მინიჭებული (ცოტა ხანში ეს შეიცვლება, კრედიტბიურო აგროვებს ინფორმაციას საკრედიტო ისტორიის შესახებ, მაგრამ ამას შავი და ნეგატიური სია აღარ ჰქვია). 

ამ ხალხს არ აქვს საშუალება, რომ ლეგალურ სექტორში დასაქმდნენ, თუ ამას გააკეთებენ, მათი შემოსავლის ნაწილი წავა იმ სესხების დაფარვაში, რომელიც მათ აქვთ. 

რომ ვთქვათ, რომ ეს ადამიანები მივლენ და ეგრევე აიღებენ სესხს, ასე არ არის, ვინაიდან ის ისტორია გარკვეული პერიოდი დარჩება, მაგრამ ამ ხალხს შესაძლებლობა ექნება, ოფიციალურად დასაქმდნენ და თავიანთი კონტრიბუცია შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში. ამიტომ, ამ მხრიდან თუ შევხედავთ, ვფიქრობ, ეს დადებითი მომენტია და ეკონომიკურ ზრდაზე დადებითათ იმოქმედოს. ეს ხალხი არის ჩრდილოვან სექტორში, მათ არ აქვთ სტიმული, ლეგალურ სექტორში იყვნენ. ამიტომ ეს შრომის ბაზარზეც კარგად აისახება. ჩრდილოვანი სექტორის შემცირება ეკონომიკისთვის და ფინანსური სექტორისთვისაც კარგია. 

ასევე, შეიძლება არსებობდეს მორალური რისკი, რომ მომავალში შეიძლება იფიქრონ მსესხებლებმა, რომ აი მეც არ გადავიხდი ამ სესხს. ამაზე კომუნიკაცია შემდგომშიც უნდა იყოს და ახლაც არის, რომ ეს არის ერთჯერადი აქცია, ჩვენ ასე ვიცით ყოველ შემთხვევაში. მომავალში ასეთი რამ არ მოხდება. გალარების სოციალური აქციაც იყო და ისიც იყო ერთჯერადი. მაგრამ ეს არის ძალიან კარგი შანსი მოქალაქეებისთავის, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყონ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ებმება იმ პასუხისმგებლიანი ფინანსური პრინციპების შემოღებას, რომელიც წლის ბოლოს შევა ძალაში", - თქვა კობა გვენეტაძემ. 

მთავრობის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ ეროვნული ბანკი იმ პრობლემებზე უნდა საუბრობდეს, რაც ამ ინიციატივას მოსდევს. მისი თქმით, ვალების ჩამოწერის საკითხი ცუდი არ არის, თუმცა, სასურველია ამის ინიციატორი არ იყოს მთავრობა, მით უფრო, საარჩევნო პერიოდში. 

"პრეცედენტი რადგან შეიქმნა, საზოგადოების დიდ ნაწილს ყოველთვის ექნება განცდა და მოლოდინი, რომ რამე მსგავსი მოხდეს. უფრო მეტიც, ყოველი სწორი, დემოკრატიული არჩევნების წინ საზოგადოებას ყოველთვის ექნება ლეგიტიმური უფლება, ეს საკითხი დასვას - მოგცემ ხმას, თუ ვალებს ჩამომაწერ, იმიტომ რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა. არ დავუშვებ და აღარ განმეორდება - მსგავსი საკითხები არ ჭრის აქ. 

თავისთავად, ვალების ჩამოწერის საკითხი კი არ არის ცუდი, ცუდი არის ის, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა. ეს რომ გაეკეთებინა უბრალოდ ქართუ ფონდს არჩევნების შემდეგ, რომელიც არანაირ კავშირში არ იქნებოდა არჩევნების ლოგიკასთან და შედეგებთან, მაშინ კი ბატონო, მუშაობს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული თეზა. შესაბამისად, აპელირება, რომ გათეთრდებიან და აღარ შეეშინდებათ იმის, რომ ბანკებში მიიღონ შემოსავლები, არ არის სწორი. სინამდვილეში, ეროვნულმა ბანკმა უნდა ისაუბროს იმაზე, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და ამ მოვლენამ რა შესაძლო შედეგი შეიძლება მოიტანოს", - ამბობს აკაკი ცომაია. 

მთავრობის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც კრიტიკის საგანი გახდა - მათ ის ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად შეაფასეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, "საარჩევნო მიზნით რაიმე სიკეთის გადაცემა ან რაიმე სიკეთის გადაცემის დაპირება ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად და ერთადეთი გამონაკლისი შეიძლება იყოს, თუ ბიუჯეტის განაწილებაზე თუ არის საუბარი და პროგრამაზე, რაც შეიძლება არ ჩაითვალოს მოსყიდვად". 

კომენტარები