მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რევანშის საფრთხეებზე საუბრობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მავნებლური მთავრობის არჩევნების გზით შეცვლა არა რევანშიზმი, არამედ დემოკრატიის ზეიმი და ქართველი ერის მიერ ღირსების დაცვაა, თავად ხაზარაძე კი ივანიშვილი მძარცველური სქემის ნაწილი.
"6 წლის თავზე წარუმატებელი და ძალიან მავნებელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს რევანშიზმი კი არ არის, ეს არის დემოკრატიის ზეიმი და ქართველი ერის მიერ საკუთარი ღირსების დაცვა, ხოლო ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო თავის პიარკამპანიაში და აშანტაჟებს ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით, არის ნაწილი ივანიშვილის მძარცველობის სქემის, საქართველოში სამი ბანკი, მათ შორის თიბისი, აკონტროლებს საბანკო აქტივების 90 პროცენტს, არის სრული მონოპოლისტი. ეს არის ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ძარცვას საქართველოს, მათ ერთი მილიონი გააკოტრეს და გაატყავეს მევახშეური ქმედებებით. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში, საქართველო სასამართლოს რეფორმების გზით, დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნის გზით, დაცული იქნება თითოეული ბიზნესი, დაცული იქნება ყველა მესაკუთრის უფლება. სწორედ ის და უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილთან ერთად ატერორებდა და ძარცვავდა ომეგა ჯგუფს და ბატონ ოქუაშვილს, ისევე როგორც უამრავ სხვა ბიზნესს, სადაც მოიპოვეს ინფორმაცია მათი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, შემდეგ მოუჭირეს ხელი, გააკოტრეს, გაანადგურეს და ჩაიდეს ჯიბეში. ეს არის ხალხი, ვინც საზოგადოების 67% დააკაბალა წარმოუდგენელი საურავებით და პროცენტებით, ეს არის ის ხალხი, ეს არის ის ხაზარაძე და საბანკო მევახშეური მაფია, რომელმაც საქართველო აქციად ერთ-ერთი ყველაზე დიდი დავალიანების ქვეყნად, დიდი სიღარიბის ფონზე, ეს არის ის ხალხი, ვისაც ყოველ წელიწადს საქართველოს ბიუჯეტიდან, ხალხის ჯიბიდან მიაქვს 237 მილიონი ლარი სახელმწიფო ვალის საურავების მომსახურებაზე, ე.ი. თითოეულ ქართველს ართმევენ ამდენ ფულს. ამათ ეშინიათ, რომ ივანიშვილის მოშორებასთან ერთად, ისინი ვერ გაძარცვავენ ძველებურად ქართველ ხალხს, მათ ეშინიათ, რომ ეს ბაირამობა თითოეული ქართველის გაღატაკების, გაუბედურების ხარჯზე აღარ გაგრძელდება", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მამუკა ხაზარაძემ დღეს განცხადებაში დაწერა, რომ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასამართლო სისტემის რადიკალურ რეფორმას დიდი მოლოდინით შესცქეროდა, მაგრამ ეს მოლოდინები არ გამართლდა. თუმცა, მისი თქმით, ახლა ქვეყანა უფრო დიდი საფრთხის - რევანშიზმის წინაშე დგას, რასაც ქაოსის გამოწვევა და განვითარების შეფერხება შეუძლია.





