არჩევნები 2018

ბოკუჩავას პასუხი ბოკერიას: მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იქნებიან

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა, ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას კითხვას, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურში მხარს დავით ბაქრაძეს, კონკრეტულ პასუხს არ სცემს. ბოკუჩავა ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილთან ერთად გრიგოლ ვაშაძე გავა. 

"ერთადერთი კვალიფიციური კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო კვლევის სტანდარტებს იცავს და ეს არის Edison Research-ის კვლევა, ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ დიახ, იქნება მეორე ტური და ამ მეორე ტურში იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი კვალიფიციური კვლევა, რომელსაც შეგვიძლია, რომ დავეყრდნოთ და სწორედ ამ შედეგს შეგვიძლია, რომ დაველოდოთ 28 ოქტომბერს. ამის შემდეგ მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეძლებს მართლაც სრულად გაერთიანებას იმიტომ, რომ ახლა არ არის ფრაგმენტაციის, დაყოფის და განსხვავებების ძებნის დრო. ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ ხელისუფლების კანდიდატი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის." - ამბობს ბოკუჩავა.

დღეს ევროპული საქართელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძეს მიმართა გასცეს მკაფიო პასუხი კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ევროპული საქართველოს კანდიდატს დავით ბაქრაძეს. ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ერთგული რჩება იმ შეთანხმების, რომელიც მათ ევროპის სახალხო პარტიასთან შეთანხმებით ენმ-სთან გააფორმეს, სადაც წერია, რომ მეორე ტურში ერთმანეთის კანდიდატს დაუჭერენ მხარს. 

კომენტარები