ხელისუფლების მთავარი არგუმენტი, რითაც ცდილობს ხალხის დაშინებას და დარწმუნებას არის ის, რომ ქალბატონი სალომე ცუდთან შედარებით უკეთესი ვარიანტია და არჩევანი უნდა გავაკეთოთ ცუდსა და უარესს შორის. ეს არის იარაღი, რომელიც უჭირავს ხელისუფლებას და სამწუხაროდ ამაში კარგად იყენებს ოპოზიციის ნაწილს. ვგულისხმობ ოპოზიციას, რომელშიც წლების განმავლობაში ჩვენც ვიყავით. ენმ-ის მხრიდან წარსული შეცდომების არ აღიარება, აგრესიული რიტორიკა, მკაფიო დაპირების არ არსებობა იმაზე რომ მომავალში შურისძიება არ იქნება - ყველაფერი ეს ეხმარება მთავრობას წარმოაჩინოს მდგომარეობა ისე, რომ ან იქნება სალომე ზურაბიშვილი და ჭაობი ან ნაციონალური მოძრაობა, არეულობა და რევანში. ამას აკეთებს დღეს ხელისუფლება.
მე ვიყავი იმ პარტიაში და ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს იმ ბრალდებებს არეულობის და გადატრიალების შესახებ, მაგრამ თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი. ამიტომ როდესაც ამბობენ, რომ არჩევანი გვაქვს ცუდს და უარეს შორის, ეს არის ტყუილი. ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აღარ უნდა და დაიღალა დაპირისპირებით, ადამიანები, რომლებსაც უნდა განვითარება და წინსვლა და თითოეულ ასეთ ადამიანს ჩვენ უნდა ვუთხრათ რომ დიახ, ეს გზა არსებობს და ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელსაც მომავლისკენ მივყავართ, რომელიც წაგვიყვანს წინ შერიგების, გამთლიანების და ერთმანეთთან ხელის ჩაჭიდების გზით.
ჩემო მეგობრებო, მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა, სიბნელეს ვერასდროს დაამარცხებ სიბნელით, სიბნელის დამარცხება მხოლოდ სინათლით შეიძლება. ზიზღს ვერასდროს დაამარცხებ ზიზღით, ზიზღის დამარცხება მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. აი ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა - არეულობა დავამარცხოთ სიმშვიდით, ჭაობი დავამარცხოთ განვითარებით, შიში დავამარცხოთ ერთიანობით, უნიათობა დავამარცხოთ საქმით და ქართული ოცნება დავამარცხოთ ევროპული საქართველოთი.





