უწყებათაშორისი კომისია

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს და ტოვებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც დღემდე რჩებოდა თანამშრომლობის ბოლო ფორმატად - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს. 

"არასამთავრობოებს „ქართული ოცნების” ლიდერები პოლიტიკურად ანგაჟირებულ და ფაშისტურ ორგანიზაციებად მოიხსენიებენ. განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ის არის, რომ მაღალჩინოსანთა განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა დაფინანსებული გვერდები, სადაც კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება და მათი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ამას ემატება ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიების მიკერძოებული გაშუქება, რომელთა მიზანიც მოსახლეობის თვალში სამოქალაქო სექტორის რეპუტაციის შელახვაა",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და „ქართული ოცნების” ლიდერების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის აგრესიული რიტორიკიდან გამომდინარე, ამ ფორმატში თანამშრომლობას აზრი არ აქვს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ის უწყებები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა რეაგირებდნენ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე, თავად იყენებენ ამ რესურსს ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის.

"აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ტოვებს უწყებათშორის კომისიას. სამწუხაროა, რომ მმართველმა პარტიამ და კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო პროფესიონალური, მიუკერძოებელი და ნდობაზე დამყარებული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა ასეთ გადაწყვეტილებებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სწორედ მმართველი პარტიის ლიდერებს და კომისიის თავმჯდომარეს. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და უწყებათშორის კომისიას, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები და შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რაც კამპანიურ სახეს იძენს და საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მომტანია",- წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

10 სექტემბერს, უწყებათაშორისი კომისია დატოვა "ევროპულმა საქართველომ". 14 სექტემბერს, უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტი ასევე გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და საიამ. 

კომენტარები