ბერგამოს უნივერსიტეტის ისტორიკოსმა, სალვატორ რიკიარდომ ლონდონის სამეფო საზოგადოების ბიბლიოთეკის არქივში გალილეო გალილეის წერილის აქამდე უცნობი ვერსია აღმოაჩინა.
1613 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა, გალილეო გალილეიმ მათემატიკოს ბენედეტო კასტელის გაუგზავნა წერილი, რომელშიც მზის სისტემის ჰელიოცენტრულ მოდელს იცავდა, რომლის თანახმად დედამიწა და სხვა პლანეტები მზის გარშემო ბრუნავს. ეს თეორია პირველად პოლონელმა ასტრონომმა, ნიკოლა კოპერნიკმა წამოაყენა თავის წიგნში “ციურ სფეროთა ბრუნვის შესახებ". ჰელიოცენტრული მოდელი ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის მაშინდელ შეხედულებას, რომელიც ამბობდა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწა იყო.
გალილეოს მიაჩნდა, რომ ჰელიოცენტრული მოდელი არ ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას, რადგან ბიბლიაში აღწერილი ასტრონომიული მოვლენები პირდაპირ არ უნდა გაგვეგო. თუმცა, მაშინ ეკლესია ბიბლიის მხოლოდ პირდაპირ ინტერპრეტაციას ემხრობოდა და როდესაც წერილი ხელში ჩაუვარდა, გალილეო სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავის გადასარჩენად გალილეომ დაწერა ამ წერილის სხვა, შერბილებული ვერსია და ვატიკანის ერთ-ერთ სასულიერო პირს მეგობრულად თხოვა, რომ ის ვატიკანისთვის გადაეცა და ეთქვა, რომ ეკლესიის მტრებმა გააყალბეს მისი წერილი და ეს იყო ნამდვილი ვერსია.
მეორე წერილში გალილეოს შეფასებები ნაკლებად რადიკალური იყო. თუ თავდაპირველ ვერსიაში გალილეო საუბრობდა ბიბლიის ზოგიერთ პასაჟზე, როგორც მცდარზე, ახალაღმოჩენილ წერილში სიტყვა "მცდარი" ჩანაცვლებული იყო ფრაზა "ჭეშმარიტებისგან განსხვავებულით".
1616 წელს ინკვიზიციამ უბრძანა გალილეოს, რომ უარი ეთქვა ჰელიოცენტრულ მოდელზე. 1632 წელს გალილეომ მაინც გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ისევ საუბრობდა კოპერნიკის სისტემის უპირატესობებზე. ამის შემდეგ ინკვიზიციამ გაასამართლა გალილეო, მას ბრალად მწვალებლობა წაუყენა და სიცოცხლის ბოლომდე სახლში გამოკეტვა მიუსაჯა.





