ხორავას ქუჩის საქმე

"აწი, ბურთი თქვენს მოედანზეა" - უმცირესობამ პარლამენტის სხდომა დატოვა

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ხორავას ქუჩის საქმეზე ფრაქცია ქართული ოცნების მიერ მომზადებული დადგენილების განხილვა დაიწყო, ევროპულმა საქართველომ სხდომა დატოვა. იქამდე, სიტყვით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე გამოვიდა.

"იმის გამბედაობაც კი არ გაქვთ, რომ გამოძიება დაიწყოს იმ დარღვევებზე, რომლებიც ჩვენ ერთად აღმოვაჩინეთ ამ კომისიის ფარგლებში. ბევრი საუბრის აზრი არც არის, რეკომენდაციები გამოქვეყნებულია, კომისიის დასკვნა გამოქვეყნებულია, მეტ არანაირ ლეგიტიმაციას ეს დასკვნა აღარ საჭიროებს, ყველაფერი საჯაროა, ამას მხარს უჭერს სახალხო დამცველი, არასამთავრობოები, საზოგადოებამ ყველაფერი ნახა, ყველაფერი კარგად მოისმინა. აწი, ბურთი არის თქვენს მოედანზე, ამის იქით როგორც ჩათვლით, ისე მოიქეცით" - მიმართა სერგი კაპანაძემ უმრავლესობას.

ამის შემდეგ, პარლამენტში ქართული ოცნების მიერ მომზადებული დადგენილების ტექსტის განხილვა დაიწყო. ევროპული საქართველოს დეპუტატების მიერ სხდომის დატოვებას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ "გაქცევა" უწოდა.

"ჩემს კითხვაზე, რა პოზიციას დააფიქსირებენ ჩვენს რეკომენდაციებზე, პასუხი არის ის, რაც ხდება დარბაზში - ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ტოვებენ დარბაზს სწორედ იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე, და ისინი გაიქცნენ ამ დარბაზიდან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ბუნებრივი ამბავია, იმიტომ, რომ საპირისპირო არგუმენტები ჩვენი დადგენილებისა, არ არსებობს" - განაცხადა მდინარაძემ.

ქართულმა ოცნებამ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დადგენილების პროექტი საგამოძიებო კომისიის დასკვნის ალტერნატივად მოამზადა. დადგენილების პროექტის მიხედვით, "მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესწავლა, საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო არასწორი მოლოდინი".

უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება - ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა.

"ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და
პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის
სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე.... გამოიკვეთა, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, დანის დაზიანება არ მომხდარა განზრახ"
 - წერია დოკუმენტში.

კომენტარები