საპენსიო რეფორმა

საპენსიო სააგენტოს უფროსად რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან სურგულაძე დანიშნეს

მაესტრო

სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს უფროსად ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებისგან შემდგარმა კოლეგიამ ლევან სურგულაძე დაამტკიცა. სურგულაძე 2011 წლიდან დღემდე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ამავდროულად იკავებდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს საქართველოს ერთერთ მსხვილ ჰოლდინგურ კომპანია "კავკასიის ბიზნეს ჯგუფში."

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, სურგულაძეს აქვს გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი, რაც საპენსიო სააგენტოს მართვას ესაჭიროება. 

ლევან სურგულაძის თანამდებობრივი სარგო ამ თანამდებობაზე თვეში 10,000-15,000 ლარი იქნება. 

სამუშაო გამოცდილება:

ლევან სურგულაძე 1992-1999 წლებში იყო ამერიკული სამეცნიერო ჟურნალების (Physical Review, Physical ReviewLetters) სარეცენზიო კოლეგიის წევრი, ასევე უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოს ფერმის ამაჩქარებლის ნაციონალურ ლაბორატორიაში და იტალიაში თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში. 2000-2001 წლებში იყო Deutsche Bank-ის ლონდონის ოფისის გლობალური საკრედიტო დერივატივების ვიცეპრეზიდენტი. 2001–2002 წლებში იგი იყო უფროსი ვიცეპრეზიდენტი / კონსულტანტი Barclays Capital – ის ნიუ იორკის ოფისის რისკის ფინანსების მიმართულებით. 2002–2007 წლებში მუშაობდა რისკის კონტროლის დირექტორად შვეიცარიის გაერთიანებული ბანკის (UBS Investment Bank) ნიუ იორკის ოფისში. 2009 წელს ის დაინიშნა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად, სადაც მუშაობდა ამ სააგენტოს ეროვნულ ბანკთან შერწყმამდე. 2011 წელს, დაინიშნა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და დანიშვნებისა და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარედ. ლევან სურგულაძე 2014 წლიდან არის კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

საპენსიო რეფორმის შესახებ:

საქართველოს მთავრობა 2019 წლის პირველი იანვრიდან ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დაწყებას გეგმავს. სისტემის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მთლიანი ხელფასის 6% ყოველთვიურად გადაირიცხება სპეციალურ სახელმწიფო საპენსიო ფონდში. ეს ფონდი მოქალაქეთა მიერ დაზოგილ თანხას სხვადასხვა საინვესტიციო პროექტში დააბანდებს და მას საპროცენტო სარგებელსაც დაარიცხავს. ამ ფულს მოსახლეობა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზო პენსიასთან (დღეს 180 ლარი) მიიღებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

რეფორმის დიდი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრო ვერ ასახელებს უშუალოდ რა თანხას მიიღებენ მოქალაქეები 40 წლის დაზოგვის შემთხვევაში. მთავრობა მხოლოდ სავარაუდო რიცხვებზე საუბრობს. 

საპენსიო რეფორმის სქემა:

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

თუ პირის შემოსავალი წელიწადში 60 000 ლარზე მეტია, სახელმწიფო მისი საშემოსავლი გადასახადიდან საპენსიო ფონდში კონტრიბუციას არ მოახდენს. 

ამ ფულს სპეციალური საპენსიო სააგენტო განკარგავს. თანხა ჩაიდება ადგილობრივ საფინანსო აქტივებში - სახაზინო ობლიგაციებსა და ქართული კერძო ბიზნესის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. ფონდის სანვესტიციო საქმიანობაზე ზედამხედველი ეროვნული ბანკი იქნება. 

კომენტარები