კობახიძე: კანაფის რეალიზაციის კანონის განხილვა არ გვეჩქარება, მთავარია ხალხის ინფორმირება

პარლამენტის პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტები ორ ნაწილად გაიყო და მომდევნო სასესიო კვირაში დეპუტატები მხოლოდ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით არ მოხდება და ერთზე მეტი კვირა დაეთმობა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, სასწრაფოდ დავიწყებთ იმ საკითხის განხილვას, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარებას. დღეს არის ვაკუუმი დარჩენილი გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და ჩვენი ამოცანა გახლავთ ამ ვაკუუმის სასწრაფოდ შევსება. შესაბამისად, მომდევნო სასესიო კვირიდან დაიწყება უკვე იმ კანონპროექტების პაკეტის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება კანაფის კულტივაციასა და რეალიზაციას, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით არ ჩქარობენ, რადგან საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული არ არის.

"რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. აქ მთავარი არის ის, რომ საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. საზოგადოებას იმაზეც კი არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. ხდება სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას ჩვენი ოპონენტების, სხვადასხვა ძალების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, კანონპროექტი ამას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება. დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სრულად მისაღები ინფორმირებული საზოგადოებისთვის", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე და დასძენს, რომ "ეკონომიკური ეფექტი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კანონპროექტის მიღება შეიძლება იყოს ნამდვილად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოებისთვის".

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ პატრიარქის სურვილიდან გამომდინარე, მასთან ამ საკითხზე პირადი კონსულტაციებიც ექნებათ.

კომენტარები