საპრეზიდენტო არჩევნები

ბაქრაძე ოპოზიციას: შევაჩეროთ ურთიერთთავდასხმა, რესურსი ზურაბიშვილის წინააღმდეგ მივმართოთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, ქართული ოცნების მიერ სალომე ზურაბიშვილსთვის მხარდაჭერას ეხმაურება. ბაქრაძე ოპოზიციას ერთმანეთზე თავდასხმების შეწყვეტისა და მთელი რესურსის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოყენებისკენ მოუწოდებს. 

"მინდა მივმართო სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს, ქართული ოცნების გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიცია უბრალოდ ვალდებულია მოიგოს ეს არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენი, ყველას ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც აზიანებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე თავდასხმა, გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი ჩვენი მთელი პოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება.ჩვენ შორის შეიძლება იყოს ძალიან ბევრი სხვაობა, მაგრამ მთავარი რაც უნდა გვაერთიანებდეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესი. 

მივმართავ თითოეულ იმ ადამიანს ვისაც ეჭვი ეპარებოდა ღირდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლა მონაწილეობა და ხმის მიცემა ვინმესთვის. ჩემო ძვირფასო ამომრჩეველო, თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო, ამ არჩევნებზე აღარ წყდება მხოლოდ ის, ვინ იქნება პრეზიდენტი, ამ არჩევნებზე აღარ წყდება ის, რას გპირდებათ რომელიმე კონკრეტული კანდიდატი, ამ არჩევნებზე წყდება, ვინ იქნება პრეზიდენტის და ვინ დაიცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესს და შევძლებთ თუ არა ქართველები არ ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ სამშობლოს აბრალებს ომის დაწყებას და აგრესიას. ამ არჩევნებს დღეს, როგორც არასდროს ისე აქვს აზრი. ამიტომ მინდა ყველას გთხოვოთ, მობრძანდეთ არჩევნებზე და გააკეთოთ თქვენი არჩევანი." - ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ტავსივე ქვეყანას აბრალებს აგრესორობას და ომის დაწყებას.

"ამ არჩევანით ქართულმა ოცნებამ წაშალა გამყოფი ხაზი, რომელიც აქამდე გადიოდა პარტიულ სიმპათიაზე და პარტიულ ინტერესზე. დღეს წყალგამყოფი აღარ არის პარტიული სიმპატია, დღეს წყალგამყოფი არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი, გინდა თუ არა ქართველებს პრეზიდენტის იყოს ადამიანი, რომელიც ჩვენს საკუთარ სამშობლოს აცხადებს აგრესორად და აბრალებს ომის დაწყებას. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პოლიტიკური რეალობა და ლანდშაფტი. ამიტომ მე მინდა მივმართო პირველ რიგში ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ჩვენ შორის შეიძლება იყოს ძალიან დიდი პარტიული და პოლიტიკური განსხვავებები, მაგრამ ჩვენ ყველა ვართ ქართველები, ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამის შემდეგ ვეკუთვნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას. მე ეჭვი არ მეპარება თქვენ პატრიოტიზმში და იმედი მაქვს, რომ თქვენთვის, ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის იდგება საქართველო და არა პარტია, ქართული ოცნება და ხელისუფლება. ამიტომ მინდა იმედი ვიქონიო, რომ თქვენს არჩევანს გააკეთებთ ისე, რომ ჩვენს ქვეყანას არ ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც გვაბრალებს აგრესორობას და გვაბრალებს, რომ ჩვენივე სამშობლოში, ჩვენივე მიწაზე, ჩვენივე სამშობლოს გაერთიანებისთვის საქართველომ დაიწყო ომი და არის აგრესორი." - ამბობს ბაქრაძე. 

სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში კენჭს დამოუკდიებელი კანდიდატის სახელით იყრის, თუმცა გუშინ პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემდეგ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოცნება არჩევნებში მხარს ზურაბოშვილს დაუჭერს. 

სალომე ზურაბიშვილის მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო

კომენტარები