მერკელის ვიზიტი

ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა

Getty Images

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი იგეგმება. ეს გასული 10 წლის განმავლობაში გერმანიის კანცლერის პირველი ვიზიტი იქნება.

ვიზიტის დეტალები და ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩმა. 

ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე - განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს საპრეზიდენტო არჩევნები იყო. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.

ანგელა მერკელი თბილისში ბოლოს 2008 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

კომენტარები