სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 4%%-ით გაიზარდა, შედეგად წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდამ 5.7%-ს მიაღწია. ეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდაა.
თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდა ასე გამოიყურება:
- იანვარი - 4.4%
- თებერვალი - 5.5%
- მარტი - 5.6%
- აპრილი - 6.5%
- მაისი - 7.5%
- ივნისი - 4%
- საშუალო - 5.7%
ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 28%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 10%-იანმა ზრდამ, თუმცა მაისთან შედარებით დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა შემცირებულია.

ფოტო: საქსტატი
საქსტატის მონაცემები წინასწარია და ის ეკონომიკის კონრეტულ სექტორებში არსებულ ზრდებს განცალკევებულად არ ასახავს.
2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.7%-ს შეადგენდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

ფოტო: საქსტატი





