სატრანსპორტო პოლიტიკა

"ავტობუსების რაოდენობის ზრდა და კერძო ტრანსპორტის შემცირება" - რას გეგმავს თბილისის მერია

fortuna.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მისი მოხმარების ზრდას და პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირებას აპირებს. კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის მისი პრიორიტეტი. თბილისის მერის თქმით, "ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას". 

კახა კალაძის ინფორმაციით, "კომპლექსურ და სისტემურ ნაბიჯებს" ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ერთად გეგმავს. თბილისის მერმა მხარდაჭერისთვის პრემიერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

"დღეს ავტოპარკში ყვითელი ავტობუსების რაოდენობა ჭარბობს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ 2019 წელს, ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები გვეყოლება და ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული გავხადოთ და ყველამ უარი ვთქვათ კერძო ავტომობილებზე" - განაცხადა კალაძემ.

რას გეგმავს თბილისის მერია:

  • 2019 წლის ბოლოს, ამორტიზებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება.
  • 2019 წელს განახლდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც, ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები და გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.
  • 2021 წლამდე, რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები მოეწყობა; 2019-2021 წლებში, მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, ხოლო ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად, იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრულად განახლება.
  • სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მიმდინარე წლიდანვე, სავალდებულო ხდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლიდან რეგულირება შეეხება მარჯვენასაჭიან, ორკარიან და განსხვავებული ფერის ტაქსებს. აღნიშნული რეგულაციების მიზანია, მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება.
  • 2019 წლის პირველი ნახევრიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის საპილოტე პროგრამა ამოქმედდება. პარკირების რეგულირების მიზანი სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური მართვაა. 

"ამავე მიზნით, იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით, მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებასა და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას გულისხმობს" - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები