ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ პრეზიდენტს, ნუ ეცდება ჩვენ გამოწვევას კინკლაობაში

http://geworld.ge

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტი ქართული ოცნების "ე.წ კინკლაობაში გამოწვევას ცდილობს". ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მას "ამის აყოლა არ სურს". 

კობახიძე გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც პრეზიდენტმა მმართველი გუნდი გააკრიტიკა იმის გამო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ დრომდე დაუსახელებია და ამის მისთვის სავარაუდო მიზეზებიც დაასახელა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს აქვს განსაზღვრული ვადები და პრეზიდენტობის კანდიდატი ამ ვადებში დასახელდება.

„პრეზიდენტი ცდილობს, გამოგვიწვიოს ჩვენ ე.წ. კინკლაობაში. ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ. გვაქვს განსაზღვრული ვადები, არის სამართლებრივი ვადები, პოლიტიკური ვადები და ამ ვადებში დასახელდება პრეზიდენტობის კანდიდატი. შესაბამისად, სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვიღაცას ვერ ვასახელებთ ან არ ვასახელებთ, არის აბსოლუტურად არასწორი. 

აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ასეთი კომენტარები იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი თავადაც არ აცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. მას არ სჭირდება არავისთან კონსულტაციების გავლა, განსხვავებით მმართველი გუნდისგან, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელიც შედგება უამრავი წევრისგან. პოლიტიკური გუნდი არის წარმოდგენილი ასეულობით ადამიანით. ჩვენ გვჭირდება სერიოზული კონსულტაციების გავლა და ბუნებრივია, ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებთან, კანდიდატთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტს, მან ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ის თავად არ აცხადებს საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე და ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ წარვადგენთ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეს არის ღიმილისმომგვრელი და ეს არის მარტივი სპეკულაციები. ასეთ კინკლაობაში, ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ და მოვუწოდებ პრეზიდენტსაც, ნუ ეცდება ჩვენს გამოწვევას კინკლაობაში", - თქვა კობახიძემ. 

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ განცხადება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციების შემდეგ გაკეთდება.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. 

კომენტარები