აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბელგიაში ნატოს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, თუმცა აეროპორტში მას ხელისუფლების არცერთი მაღალი თანამდებობის პირი არ დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე უცხოური გამოცემა ბელგიურ Le Soir-ზე დაყრდნობით წერს.
ტრამპს აეროპორტში მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელი ფრანსუაზა გიუსტენი დახვდა.
აშშ-ს პრეზიდენტი, მეუღლე მელანია ტრამპთან ერთად ბელგიაში ადგილობრივი დროით 20:50 საათზე ჩაფრინდა, როდესაც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ბელგიის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს ხვდებოდა.
ბელგიის მეფე და დედოფალი, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი სანქტ-პეტერბურგში მატჩზე იყვნენ. რაც შეეხება ქვეყნის პრემიერმინისტრს შარლ მიშელს, ის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ედენ აზარის მშობლური ქალაქის ბრენ-ლე-კონტის ფანზონაში უყურებდა თამაშს ბელგიის გულშემატკივრებთან ერთად.
მედიის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერების დახვედრაც ანალოგიურ დონეზე მოხდება.
11-12 ივლისს მელანია ტრამპი ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მეუღლეებთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ს პრეზიდენტი ბელგიას 12 ივლისს დატოვებს და დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.