ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების კომიტეტის სხდომაზე გამოცხადებას ითხოვს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ მათ კითხვები თავდაცვის სამინისტროს და შესყიდვების საკითხთან დაკავშირებით აქვთ, რომელშიც პეტრე დევრიშაძე ფიგურირებს.
"ეს არის მათ შორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. მინდა მივმართო მათ შორის ეკა ბესელიას, რომელმაც კონსტიტუციის დარღვევით ამ პარლამენტს მიაღებინა სია, რომლითაც გამოაცხადა მრავალი ათეული ადამიანი პოლიტპატიმრებად. თუ ბატონი დევრიშაძე ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო, რომელიც უსამართლოდ იდევნებოდა, რატომ არ მიმართეთ ზომას, რომ ამ ადამიანისთვის მოგეხსნათ ყოფილი ჯაშუშის სტატუსი. დღემდე ეს ადამიანი სარგებლობს ყოფილი ჯაშუშის სტატუსით.
ჩვენ მივმართეთ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი სესიაშვილს, იმისთვის, რომ კომიტეტის ფორმატში მოხდეს შს და თავდაცვის მინისტრების დაბარება. იმედი გვაქვს, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაინტერესდება აღნიშნული თემით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სხვა ზომებს მივმართავთ, ვეცდებით, დავიბაროთ ეს ადამიანები ფრაქციის სხდომაზე, მოვითხოვოთ საგამოძიებო კომისია, რადგან ეს არის ყოვლად მიუღებელი, ვინაიდან ეს არის ღალატი და ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა", - თქვა ბოკუჩავამ.
"სტუდია მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ პირი, რომელმაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით მსხვილ ტენდერებში იმარჯვებდა, ხოლო მის პროდუქციას თავდაცვის სამინისტრო, სუს-ი, შსს და სხვა ძალოვანი უწყებები ყიდულობდნენ.
დერვიშაძის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, შპს MARGIO LTD-ს ჯამში 3,2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ოფიციალურად კომპანია დერვიშაძის მეუღლის, ინგა დერვიშაძის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო დირექტორი თავად პეტრე დერვიშაძეა.
დღეს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აუქმებს ტენდერს, რომელშიც ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა. იქამდე კი უწყებამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მათ დერვიშაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ.
2010 წელს საქართველოში სპეცოპერაცია "ენვერი" ჩატარდა. მაშინ სამართალდამცავებმა რუსულ ГРУ-სთან კავშირის გამო 13 პირი დააკავეს. მათგან რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი მხოლოდ ერთმა - ბიზნესმენმა პეტრე დერვიშაძემ აღიარა. დევრიშაძეს 2011 წელს სახელმწიფომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.





