საგარეო ვაჭრობა

2015-2017 წლების ჩავარდნის შემდეგ, ავტოექსპორტი იზრდება

flickr.com

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-მაისში ავტომობილების რეექსპორტმა $124 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 83%-ით აღემატება. რეექსპორტის ზრდა მეზობელ ქვეყნებში და პირველ რიგში აზერბაიჯანში ავტომობილებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. 

2017 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში მხოლოდ 556 ცალი ავტომობილი გავიდა, მათი მთლიანი ღირებულება კი $14 მილიონი იყო. წელს რეექსპორტმა 2,786 ავტომობილი შეადგინა, რომლის ჯამური ღირებულებაც $54 მილიონია. აზერბაიჯანთან ერთად, ვითარება უკრაინაშიც არის გაუმჯობესებული.

2014 წლამდე ავტომობილები საქართველოს წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო. 2007 - 2013 წლებში ავტომობილებით ვაჭრობიდან შემოსული ბრუნვა გაათმაგდა და 2007 წელს $70 მილიონიდან 2013 წელს უკვე $700 მილიონზე მეტი შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა ავტოდილერების რაოდენობაც, ათასობით ადამიანს ავტომობილების უცხოეთში გაყვანით შემოსავლის მიღების საშუალება გაუჩნდა. 

2014 წლის ბოლოს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში დაწყებული სავალუტო კრიზისის გამო ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. ამას დაემატა აზერბაიჯანის მიერ ევრო 4-ის სტანდარტის შემოღება და სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაც. შედეგად ავტოდილრებს მარაგებში დაუგროვდათ ავტომობილები, რომელთა გაყიდვასაც ვერ ახერხებდნენ. მაშინ ბიზნესი ახალი ბაზრების, მათ შორის ირანის ათვისებაში სახელმწიფოს მხარდაჭერას ითხოვდა, თუმცა მაშინ მთავრობამ განაცხადა, რომ ბაზრების მოძიება ბიზნესის პრეროგატივას წარმოადგენდა.

ავტომობილებით ვაჭრობა მინიმალური 2016 წელს იყო და მან $166 შეადგინა, ეს 2013 წელთან შედარებით ოთხჯერ ნაკლებია.

გასული 8 წლის მიხედვით, იანვარ-მაისში ავტომობილების რეექსპორტის ზომა ასე იცვლებოდა:

  • 2010 - $71 მილიონი
  • 2011 - $197 მილიონი
  • 2012 - $211 მილიონი
  • 2013 - $260 მილიონი
  • 2014 - $242 მილიონი
  • 2015 - $88 მილიონი
  • 2016 - $63 მილიონი
  • 2017 - $67 მილიონი
  • 2018 - $124 მილიონი

რაც შეეხება მთლიანად ექსპორტს, მისი ზომა 2018 წლის იანვარ მაისში $1.3 მილიარდი იყო, რაც 2017 წელთან შედარებით 28%-ით მეტია.  

კომენტარები