აშშ-საქართველოს ურთიერთობა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი, ორპარტიული რეზოლუცია წარედგინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუციის სპონსორი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, ტეხასის შტატის კონგრესმენი, რესპუბლიკელი ტედ პოა.

რეზოლუციას ამ ეტაპზე 8 თანასპონსორი კონგრესმენი ჰყავს,  როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.

რეზოლუცია წინ უძღვის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის სპიკერების მომდევნო კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტს და ამ ქვეყნებისადმი აშშ-ის უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს.

„კერძოდ, რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ხაზს უსვამს, რომ 2016 წელს საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და მაღალი სტანდარტით ორგანიზებული საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, რეზოლუცია ამახვილებს ყურადღებას რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ერთი-მეხუთედის ოკუპაციაზე“,-წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობასა და ევროპელ მოკავშირეებს, ასევე გაეროსა და აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განაგრძონ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

„კონგრესმენები მიესალმებიან რუსეთის დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მთავრობებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას და რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან გასამკლავებლად, მხარს უჭერენ აღნიშნული ქვეყნების შესაძლებლობების, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, განმტკიცებას.

კონგრესმენები აშშ-ის მთავრობას ევროპის ენერგომომარაგების გზების დივერსიფიცირების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით“,- წერია განცხადებაში.

ამასთან, რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან აწარმოოს დიალოგი, რათა დაეხმაროს მათ შიდა დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში.      

რეზოლუციას მომდევნო ეტაპზე კენჭს უყრიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე. კომიტეტის მიერ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში,შემდეგი კენჭისყრა, აშშ-ის კონგრესის პლენარულ სხდომაზე ჩატარდება.

კომენტარები