სამთავრობო ცვლილებები

კახიანი: ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან

ტაბულა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ფინანსთა, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.

"ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ამ მინისტრების მოადგილეები იქნებიან ფორმალურად წარმოდგენილნი", - აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტში იმ კანონპროექტების წარდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება, უახლოეს მომავალში მოხდება.

კახიანის თქმით, ვადების თვალსაზრისით შეუძლებელია ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი მთავრობის ფორმირება, ამიტომ ამჟამად მთავრობის ძველი შემადგენლობის დამტკიცება მოხდება.

"სამინისტროების რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები იქნება, რასაც კანონმდებლობაში ცვლილებები სჭირდება. ამის გაკეთება ამ კვირის განმავლობაში შეუძლებელია. ამავდროულად, მთავრობის ფორმირებას თავისი ვადები აქვს და ამ კვირაშივე უნდა მოხდეს წარდგენა. გამომდინარე იქიდან, რომ ვადების თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი კანონმდებლობის მიხედვით ახალი მთავრობის ფორმირება, ამიტომ ამჟამად მოხდება მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება იმ განსხვავებით, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან. ამიტომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ეს სამინისტროები ფორმალურად მინისტრების მოადგილეების სახით იქნება წარმოდგენილი", - აცხადებს კახიანი,

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებითვე, ხვალ, 19 ივნისს, 11:00 საათიდან საკომიტეტო განხილვები დაიწყება და სურვილის შემთხვევაში, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში შეხვედრები გაიმართება.

"ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელებთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე. უახლოეს მომავალში კი მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება", - აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები