აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინსა და ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლით იმუქრება

კიმ ჩენ ინი, დონალდ ტრამპი
EPA

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის პრეზიდენტსა და კიმ ჩენ ინს შორის 12 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებით იმუქრება, თუ აშშ დაჟინებით მოითხოვს რომ ქვეყანამ სრულად დათმოს ბირთვული იარაღი.

კიმ ჩენ ინის განცხადება ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო, KCNA-მ გაავრცელა და მასში ნათქვამია, რომ თუ აშშ ჩრდილოეთ კორეას კუთხეში მიიწყვდევს და ცალმხრივ მოთხოვნებს წაუყენებს ბირთვული იარაღის დათმობის შესახებ, ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებისადმი ინტერესს დაკარგავს და 12 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას ჩაშლის.

კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ თუ წინამორბედების გზას გაჰყვება და უარს იტყვის ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული იარაღის დათმობის გარეშე მოლაპარაკებებზე, ის ისტორიას დარჩება როგორც უფრო ტრაგიკული და წარუმატებელი პრეზიდენტი, ვიდრე მისი წინამორბედები.

განცხადება აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყებას მოჰყვა. ჩრდილოეთ კორეამ თავდაპირველად განაცხადა, რომ დაუშვებს სამხედრო წვრთნებს, თუმცა შემდეგ მათ პროვოკაციული ქმედება უწოდა რომელიც დიპლომატიურ მცდელობებს საფუძველს ურყევს.

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს უპასუხისმგებლო განცხადებებში და მავნებლური განზრახვების ქონაში ადანაშაულებს. მათი თქმით ამის უკან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი დგას.

"ჩვენ არ ვმალავთ მასთან შეუთავსებლობის გრძნობას." თქვა ჩრიდლოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებშიც მონაწილეობს.

ჯონ ბოლტონის აზრით ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების ლიბიურ მოდელს უნდა მიჰყვეს, თუმცა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ლიბია თავიდან აირიდებდა 2011 წელს განვითარებულ მოვლენებს, ბირთვული პროგრამის ნაწილი რომ შეენარჩუნებინა. ჯონ ბოლტონს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმები სრულიად ლეგიტიმური იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ორი ვიზიტის შემდეგ მიღწეული შეთანხმების მიხედვით კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი 12 ივნისს სინგაპურში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ამასთანავე ჩრდილოეთ კორეამ უნდა დაიწყოს მუშაობა ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციისათვის. დონალდ ტრამპის და მაიკ პომპეოს განცხადებით სანამ ამ მიზანს არ მიაღწევენ აშშ ჩრდილოეთ კორეას სანქციებს არ მოუხსნის. ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე თვის ბოლოს ქვეყანაში უცხოური მედია მიიწვია, რათა ბირთვული იარაღის ტესტირების პოლიგონების დახურვას დაესწრონ.

ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყების საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი მოლაპარაკებებიც გააუქმა.

კიმ ჩენ ინსა და მუნ ჯე ინს შორის შეხვედრა ოთხშაბათს უნდა გამართულიყო.

შეხვედრაზე მხარეებს იმ შეთანხმების დეტალები უნდა განეხილათ, რომელსაც 27 აპრილის ისტორიულ სამიტზე მიაღწიეს. შეთანხმება გულისხმობდა ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღიდან სრულად გათავისუფლებას, ასევე ნახევარკუნძულზე სამხედრო შეიარაღების შემცირებას, მტრული ქმედებების შეწყვეტას, საზღვარზე არსებული დემილიტარიზებული ზონის მშვიდობის ზონად გადაქცევას და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას.

მუნ ჯე ინი კიმ ჩენ ინს 27 აპრილს, საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა. 1953 წელს კორეის ომის დასრულების შემდეგ ის ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელიც სამხრეთ კორეას ეწვია.

კომენტარები