ანტიდასავლური პროპაგანდა

MDF: 2017 წელს 17 მედიაში 1967 ანტიდასავლური კომენტარი გაკეთდა

მედიის განვითარების ფონდი

მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, გასულ 2017 წელს 17 მედიაში 1967 ანტიდასავლური კომენტარი გაკეთდა. 

კვლევა სწორედ მედიასა და პოლიტიკოსების მხრიდან ანტიდასავლური გაწყობების გაღვივების მცდელობას და განცხადებებს ეხება. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2015-2016 წლებისგან განსხვავებით, როცა დომინანტი ადამიანის იდენტობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნეგატიური გზავნილები იყო, 2017 წელს წინა პლანზე საგარეო პოლიტიკურმა თემატიკამ წამოიწია, რაც საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებზე პოლარიზაციის გაზრდას ისახავს მიზნად. ფონდის შეფასებით, ​ კრემლისტური აქტორების კომუნიკაციის სტრატეგიაში ასეთი ცვლილება აჩვენებს, რომ „იდენტობის დაკარგვის საფრთხე“ უფრო ტაქტიკური გზავნილი იყო, რომელმაც საწყისს ეტაპზე ნიადაგი შეამზადა, ხოლო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების (ამერიკა, NATO, ევროკავშირი) დემონიზებაზე მიმართული გზავნილები უფრო სტრატეგიული ხასიათისაა.

დოკუმენტის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევენ.

ასევე, 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია გზავნილები ევროკავშირის წინააღმდეგ (13,4%), მაშინ, როცა იდენტობის დაკარგვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანტიდასავლურ კონტექსტში გაკეთებული კომენტარები (12,9%) თითქმის განახევრებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ამერიკელი ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები 7,3%-ს შეადგენს და 2016 წელთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებით და ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებული კამპანიით უნდა იყოს განპირობებული.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ვხვდებით უფრო მკაფიო შეფასებებს რუსეთის დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩენისა და საბჭოთა კავშირის იდეალიზების მხრივ (7,2%).

დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ კომენტარებს (0,8%) ძირითადად 2 კრემლისტურ გამოცემაში – „საქართველო და მსოფლიო“ და „საქინფორმი“ ვხვდებით. ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ.

შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37).

MDF აცხადებს, რომ 8 ქართულ დისკურსში კრემლის ნარატივის სტრუქტურა 3 საფეხურიანია და მიზნად ისახავს:

  • საფრთხეების შექმნას;
  • პარტნიორების და დასავლური ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დათესვას;
  • საფრთხეებთან ბრძოლაში რუსეთის უალტერნატივობის და ავტორიტარული/საბჭოური მმართველობის საჭიროების აზრის დამკვიდრებას.

გამოიკვეთა 4 ძირითადი საფრთხე, რომლის მიმართაც კრემლისტური აქტორები შიშს თესავდნენ.

ესენია:

  • ომის საფრთხე;
  • ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე; 
  • ბიოდივერსიის საფრთხე;
  • იდენტობის დაკარგვის საფრთხე;

მედიის განვითარების ფონდმა 144 ყალბი ინფორმაციის გადამოწმებისას გამოავლინა, რომ მედია საშუალებები ხშირად იყენებდნენ ფოტო და ვიდეო მანიპულაციებს, სოციალურ მედიას, როგორც ყალბი ინფორმაციის ცალმხრივ წყაროს, ისტორიის ფაბრიკაციას, ლიტერატურული ნაწარმოების/სატირულ-იუმორისტული პუბლიკაციის რეალურ ფაქტად წარმოჩენის მეთოდს, კონსპირაციებს.

ისტორიის ფაბრიკაციაში ყველაზე დიდი წილი საბჭოთა წარსულის გაყალბებაზე და საბჭოთა წყობის მიმართ ნოსტალგიის გაღვივებაზე მოდის.

ასევე, კვლევაში ნათქვამია, რომ 2017 წელს აქტიურად გამოიყენებოდა დეფლექციური წყაროს მოდელი (წყაროს არიდების მეთოდი), როცა გზავნილის ან ყალბი ინფორმაციის ლეგიტიმაციის მიზნით, პროპაგანდისტი ქმნის დეფლექციურ წყაროს, რომელსაც ინფორმაციის მიმღები არ აკავშირებს პროპაგანდისტთან და იმ მედიუმის (დეფლექციური წყაროს) ინფორმაციად აღიქვამს, რომელშიც ის გამოქვეყნდა.

გამოიკვეთა 4 ძირითადი მედია (Geworld.ge, საქინფორმი, ტვ „ობიექტივი“, „ასავალ-დასავალი“), რომელიც ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო იყო.

პარტიებიდან ანტიდასავლური გზავნილების მხრივ, 2016 წლის მსგავსად, კვლავ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა (130) ლიდერობს, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი (91), ქართული დასი (44) და სოციალისტური საქართველო (40) მოსდევენ.

მედია მონიტორინგის შედეგად სულ 33 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანტიდასავლური გზავნილი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე აქტიური ულტრამემარჯვენე გაერთიანება „ქართული მარში“, გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული „სახალხო კრება“, „ევრაზიული ინსტიტუტი“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სტალინი“ იყო.

დეტალურად მედიის განვითარების ფონდის კვლევას გაეცანით აქ

კომენტარები