ანტიდასავლური პროპაგანდა

ივანიშვილის დეპუტატები: უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად გვიღირს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა

მოძრაობა ხალხის ძალა მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების თქმით, "ამერიკული ინტერესები ჩვენს ეროვნული ინტერესებს პრინციპულად არის აცდენილი. მათი განცხადებით, "ღიად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად გვიღირს სტრატეგიული პარტნიორობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფასეულობების შერყევით, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობითა და ლგბტ-პროპაგანდის თავს მოხვევით არის დაკავებული".

"ჩვენთვის კიდევ უფრო გასაგები ხდება ის ისტერია, რომელიც ქართველმა ფსევდოლიბერალებმა პრემიერმინისტრის მიერ ჩინეთისა და ამერიკის ელჩებთან გამართული შეხვედრების ქრონოლოგიის შესახებ შემოგვთავაზეს. მათი ლოგიკა პრიმიტიულია - პირველი შეხვედრის აბსოლუტური პრივილეგიით ამერიკის ელჩი უნდა სარგებლობდეს.

ის ფაქტი, რომ პრემიერმინისტრმა ფსევდოლიბერალების ლოგიკით არ იმოქმედა, ჩვენთვის მისასალმებელია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ საკმარისი ესეც არაა და დისკუსია ამაზე ღრმად უნდა გავშალოთ. კერძოდ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი? მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა ამის საპირისპირო დასკვნის გამოტანის საშუალებას უფრო იძლევა.

წლების მანძილზე, თვალში ნაცარს ვიყრიდით და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ვუწოდებდით სახელმწიფოს, რომელთანაც დღემდე არც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს, არც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ფრენები და არც უვიზო მიმოსვლა; საიდანაც, უკვე 30 წელია, ინვესტიციები თითქმის არ შემოდის; რომელიც უკვე არაერთი წელია მისალოც წერილებსაც კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დონეზე გვიგზავნის; რომელმაც ქართულ ეკონომიკაში ფული მხოლოდ 2009 წელს ჩაასხა, როცა ერთიანი ნაციონალური აგენტოკრატია ჰქონდა გადასარჩენი; რომლის ე.წ. დახმარების 90 პროცენტი იმ ენჯეოებზე და, ფიქტიური ენჯეოების გავლით, პარტიებზე მოდის, რომლებიც საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის, აგენტოკრატიის აღდგენისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მცდელობით არიან დაკავებული.

ამერიკელების მიერ ქართული პოლიტიკის დაფინანსებამ უკვე იმდენად უხეში ფორმები მიიღო, რომ ისინი დაფინანსების, პრაქტიკულად, პირდაპირ ფორმებსაც კი აღარ ერიდებიან. ამის მაგალითები უამრავია: ხოშტარია, ჯაფარიძე, მეზვრიშვილი, უსუფაშვილი, ჩერგოლეიშვილი, ბესელია, წერეთელი, დოლიძე, ბუაძე, ვაშაძე და ა.შ.

სამწუხაროდ, 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა დღემდე ლიტონ სიტყვებად რჩება, ამ სიტყვების უკან კი, მხოლოდ შიშველი ამერიკული ინტერესები მოჩანს, რაც, კაცმა რომ თქვას, ჩვენთვის სრულიად გასაგებია. ამერიკა არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომ ვინმეს უანგაროდ დაეხმაროს და საქართველოში ფული ქვეყნის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ან რაღაც ამდაგვარში დახარჯოს. ამერიკული ფულით ამერიკული ინტერესების გატარება თავისთავად საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, ამერიკისა და საქართველოს ინტერესები ზოგად დონეზე მაინც რომ ემთხვეოდეს ერთმანეთს. მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ამერიკული ინტერესები ჩვენს ეროვნული ინტერესებს პრინციპულად არის აცდენილი.

ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა. ამ ყველაფრის ფონზე, არა მხოლოდ ამერიკელებისა და ჩინელების მიდგომების შედარებით უნდა დავკავდეთ, არამედ ღიად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად გვიღირს სტრატეგიული პარტნიორობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფასეულობების შერყევით, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობითა და ლგბტ-პროპაგანდის თავს მოხვევით არის დაკავებული" - წერენ ივანიშვილის დეპუტატები.

კომენტარები