საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

სომხეთის რევოლუცია და ქართული პარალელები

ძნელია წერა რევოლუციაზე, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა: როგორც კი წერტილს დასვამ, ყველაფერი შეიძლება არსებითად შეიცვალოს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაინტერესებს ამ მოვლენებზე ქართული რეაქციები. სომხებიც და ჩვენც მუდამ ერთმანეთთან ვატარებთ პარალელებს და ეს სრულიად ბუნებრივია. ამიტომ ორივეზე დავწერ: სომხეთზეც და ამ პარალელებზეც.

„თუ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას არ შეიცვლიან, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?“

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რეაქციაა, რაც ჩვენს სოციალურ ქსელებში შემხვედრია. შეჩვეული ვართ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური ბრძოლა „პრო-რუსულ“ და „პრო-დასავლურ“ ძალებს შორის მიმდინარეობს და გვგონია, რომ სომხეთშიც ასე უნდა იყოს. თუ პრორუსული სომხეთი პროდასავლური არ გახდა, რა აზრი აქვს რევოლუციას?

სომხეთის მოვლენებს ეს კუთხეც აქვს, მაგრამ არა იმ აზრით, როგორც ბევრს ჰგონია. შიდაპოლიტიკური ბრძოლების გეოპოლიტიკური ასპექტი ხშირად ქართულ კონტექსტშიც არასწორად ესმით. მაგალითად, ვიცით, რომ „ვარდების რევოლუციაში“ (რომელსაც სომხეთის დღევანდელ მოვლენებს ყველაზე ხშირად ადარებენ) პრო-დასავლურმა ძალებმა გაიმარჯვეს. მაგრამ ეს იყო რევოლუციის ძირითადი შინაარსი? შეცვალა მან ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია? არა: ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კურსი, ბოლო წლებში მაინც, პრო-დასავლური იყო. ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ ის უფრო თანმიმდევრული, ეფექტური და შედეგიანი გახადა.

როდესაც 2012-ში ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვალა, ბევრი ელოდა გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლას, თუმცა ეს არ მომხდარა. ახალმა მთავრობამ არსებითად გააგრძელა წინამორბედების პროდასავლური პოლიტიკა, მაგრამ მისი ქმედებები და რიტორიკა ნაკლებ თანმიმდევრულია, ის მუდმივად თამაშობს პრო და ანტიდასავლურ ძალებს შორის. ეს საკმარისია, რომ რუსეთისთვის ეს ხელისუფლება საკმაოდ მისაღები და კომფორტული გამხდარიყო.

აქედანაც ჩანს: ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს მისი ობიექტური მდგომარეობა და საზოგადოების ძირეული განწყობები განსაზღვრავს, ის ხელისუფლების ცვლასთან ერთად ნაკლებად იცვლება. მაგრამ ამ კურსს სხვადასხვა მთავრობა სხვადასხვანაირად ახორციელებს და ეს განსხვავებები შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

სომხეთის „პრორუსულ“ პოლიტიკასაც ღრმა ძირები აქვს. თუ თანამედროვე საქართველო დამოუკიდებლობის ბრძოლაში დაიბადა (რაშიც მოწინააღმდეგედ რუსეთი ჰყავდა), ახალი სომხეთი იშვა ყარაბაღის კონფლიქტიდან, რომელშიც ის „თურქულ სამყაროს“ ებრძოდა, სტრატეგიულ მოკავშირედ კი რუსეთი ჰყავდა. ყარაბაღის გამარჯვება სომხეთის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა ბოლო ათასი წლის მანძილზე და მისი შედეგის შენარჩუნება სომხური სახელმწიფოს მთავარი ამოცანა გახდა. სომხების უდიდესი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამ ამოცანის შესრულება რუსეთის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მიმდინარე გამოსვლების ლიდერები მუდამ ემიჯნებიან რაიმე ანტი-რუსულ მოტივებს; არც მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშია გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლა მოსალოდნელი.

მაგრამ რუსეთი და დასავლეთი მხოლოდ „გეოპოლიტიკური ვექტორები“ არ არიან, ეს ღირებულებათა სისტემები და მათზე დამყარებული ინსტიტუტებია. ორივესთვის „რბილი ძალა“ არანაკლებ მნიშნელოვანია, ვიდრე სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები. ვარდების რევოლუციის ხელისუფლებას საგარეო ვექტორი არ შეუცვლია, მაგრამ საქართველო გაცილებით უფრო დააახლოვა დასავლეთს. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანა უფრო ევროპული გახადა. მან ვერ მოახდინა ევროპული სტილის ლიბერალურ-დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია (ჩემი ღრმა რწმენით, ამას ზევიდან ვერც ერთი მთავრობა ვერ გააკეთებს), მაგრამ ძირეულად გარდაქმნა მმართველობითი ინსტიტუტები და პრაქტიკები: საქართველო პირველად იქცა თანამედროვე ტიპის სახელმწიფოდ. ამის შედეგად შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის მიმართაც: სამხრეთ კავკასია შეიყვანეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, საქართველოს ნატოში წევრობა სერიოზული განხილვის საგანი გახდა, დაიდო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, მივიღეთ შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი და ა. შ. ამ ყველაფერს ვარდების რევოლუციამ და მის შემდეგ განხორციელებულმა რეფორმებმა დაუდო საფუძველი - თუმცა მისი მემკვიდრე ხელისუფლებაც იმსახურებს შექებას იმისთვის, რომ იმავე მიმართულებით მოძრაობა გააგრძელა.

ამ კუთხით ის, რაც სომხეთში უკვე მოხდა, რუსეთისთვის სერიოზული მარცხია. რუსეთის გეოპოლიტიკა და იდეოლოგია განუყოფელია: სომხეთში „სუვერენული დემოკრატიის“ რუსულ მოდელს წყალი შეუდგა. თითქოს ლოიალურ სომხეთსაც კი არ აღმოაჩნდა იმუნიტეტი „ფერადი რევოლუციების“ ვირუსის მიმართ, რომელსაც რუსეთი მის წინააღმდეგ დასავლეთის ყველაზე სახიფათო იარაღად თვლის. კონსპირაციის თეორიები, რომლის თანახმადაც „ფერადი რევოლუციები“ დასავლეთის დაფინანსებული და ორგანიზებულია, ცხადია, სისულელეა, მაგრამ ის კი ნამდვილია, რომ ეს რევოლუციები პოსტ-საბჭოთა რეალობის დასავლური მოდელების მიხედვით შეცვლის მცდელობებია (სხვა საკითხია, რამდენად წარმატებული) და რუსეთის გავლენას ობიექტურად ასუსტებს. სომხეთის ოპოზიციის ლიდერები შეიძლება ვერ შეელიონ რუსეთთან თანამშრომლობას სამხედრო-სტრატეგიულ სფეროში, მაგრამ ისინი სახელმწიფოებრიობის ევროპულ და არა რუსულ მოდელებზე არიან ორიენტირებული. სომხეთის რევოლუციის საბოლო წარმატება გაიზომება არა ხელისუფლების შეცვლის ფაქტით, არამედ სომხეთის მმართველობითი ინსტიტუტების ძირეული გარდაქმნით. თუ ამას მიაღწიეს, ეს კიდევ უფრო შეარყევს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენას.

„თუ რევოლუცია დაიწყო, რაღა დროს კონსტიტუციაა?“

სომხეთის მოვლენები საქართველოსთვის კიდევ ერთ აქტუალურ კითხვას გვახსენებს. რაც გინდა „ხავერდოვანი“ იყოს რევოლუცია, ის კონსტიტუციური სივრციდან გასვლას ნიშნავს. მაგრამ რა კონკრეტულ შემთხვევაშია ეს გამართლებული? შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი აპრიორი მართალია და კონსტიტუციაზე მაღლა დგას? როდესაც ვამბობთ, რომ დემოკრატია ხალხის ნებაა, ვის ვგულისხმობთ სიტყვა „ხალხში“ - მათ, ვინც ქუჩაში დგას, თუ მათ, ვინც საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს აგდებს?

ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში პასუხი გარკვეულია: ხალხი პირველ რიგში ისაა, ვისაც ვერდიქტი არჩევნებით გამოაქვს. მონაწილეობის სხვა ფორმები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ვერდიქტთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს. ალტერნატივა განუკითხაობა და ბრბოს ბატონობაა. პოსტსაბჭოთა ჰიბრიდულ რეჟიმებში (რომლებსაც საქართველოც განეკუთვნება და სომხეთიც) ასე არ არის: სწორედ ამიტომაა ისინი „ჰიბრიდული.“ აქ არჩევნების ინსტიტუტს არ ენდობიან. პოპულარულია აზრი, რომ არჩევნებს იგებს ის, ვინც ატარებს. ეს ნათლად ჩანს სომხეთის მოვლენებში: ოპოზიციას არ ყოფნის ადრეული არჩევნების მოთხოვნა (რომლის დაკმაყოფილებაც მისი სერიოზული მიღწევა იქნებოდა) და მოითხოვს, რომ პრემიერი ახლავე „ხალხის“ (ანუ ქუჩის) რჩეული, ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი გახდეს. სხვანაირად, არჩევნებს ისევ „ცუდი“ ხელისუფლება მოიგებს.

ამ პოზიციის მხარდამჭერი არგუმენტები ადვილი მოსაძებნია: ბევრი დაეთანხმება, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტია არჩევნებს „ადმინისტრაციული რესურსის“ ხარჯზე იგებდა. თუ ეს რესურსი მის ხელში დარჩა, არჩევნები არც ახლა იქნება სამართლიანი. მაგრამ საიდან ვიცით, რომ მომავალში ახალი ხელისუფლებაც არ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად? გავა დრო და მასაც გაუჩნდება უკმაყოფილო ხალხი. თუ მათ ეცოდინებათ, რომ ათეულობით ათასი ადამიანის ქუჩაში გასვლა საკმარისია მთავრობის შესაცვლელად, ეს გახდება პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი მეთოდი. პარტიები საარჩევნოდ კი არ დარაზმავენ მომხრეებს, არამედ ქუჩაში გამოსაყვანად. ადვილი წარმოსადგენია, რომ ამას კარგი არაფერი მოყვება და ბოლოს ხალხს ისევ „ძლიერი ხელი“ მოენატრება.

მაშ რა ქნას ხალხმა, ვისაც დემოკრატია უნდა, მაგრამ ხელისუფლება სამართლიანი საარჩევნო ბრძოლის ასპარეზს არ უქმნის? ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი არ არსებობს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხანდახან ოპოზიციას ასეთ პირობებშიც შეუძლია არჩევნების მოგება, ხანდახან კი ქუჩის პროტესტიც აუცილებელი ხდება. მაგრამ უკეთესია, რომ პროტესტიც მაქსიმალურად კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩეს; ხოლო თუ კონსტიტუციური სივრციდან გავალთ, ამას განსაკუთრებული, ექსტრაორდინარული მიზეზები უნდა ამართლებდეს: რევოლუციასაც თავისი ლეგიტიმურობა სჭირდება. მხოლოდ იმის თქმა, რომ ხელისუფლება ცუდია, კორუმპირებულია, ადამიანის უფლებებს აღვევს, ხალხი სიღარიბიდან ვერ გამოყავს და ა. შ. საკმარისი არ არის. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გაუჩნდეს შეგრძნება, რომ განსაკუთრებული უსამართლობა მოხდა და მას ჩვეულებრივი კონსტიტუციური მეთოდებით ვერ უშველი.

მაგალითად, ვარდების რევოლუციის ლეგიტიმურობას განსაზღვრავდა არჩევნების მასობრივი გაყალბების უტყუარი ფაქტი. ის, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო გამარჯვება „მიითვისა“, კონკრეტული სანდო წყაროებით (ხმის პარალელური დათვლა, პროფესიული ეგზიტ-პოლი, დამკვირვებელთა და მედიის მრავალრიცხოვანი მონაცემები და ა. შ.) საბუთდებოდა. ხელისუფლება პირველი გავიდა კონსტიტუციური სივრციდან და აიძულა ოპოზიცია, ექსტრაორდინარული მეთოდები გამოეყენებინა. ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ მოვლენები კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა. ანალოგიური რამ მოხდა უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს. ევრომაიდანის რევოლუციას ასევე სრულიად განსაკუთრებული მოვლენა უძღოდა წინ: ქვეყნის პრეზიდენტმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური განვითარების ტრაექტორიას არსებითად ცვლიდა. ეს გადაუდებელ სახალხო რეაქციას მოითხოვდა.

ქართული ოპოზიცია 2007-2009 წლებშიც ცდილობდა „ვარდების რევოლუციის“ სცენარის განმეორებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მის წარუმატებლობას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ზოგადად მთავრობის „სიცუდეს“ აპროტესტებდა, კონკრეტული სერიოზული მიზეზი კი არ ჰქონდა (თუ არ ჩავთვლით ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას, მაგრამ ოქრუაშვილმა ეს მიზეზი მალე თვითონვე გააბათილა). მით უმეტეს, არაფერი გამოუვიდა იმავე მიხეილ სააკაშვილს, აწ უკვე უკრაინელ ოპოზიციონერს, 2017 წლის კიევში: სერიოზული საპროტესტო მუხტის შექმნას საკმარისი საფუძველი არ ჰქონდა (მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აშკარად უსამართლო ჩამორთმევა საკმარის მოტივს ვერ შექმნიდა).

სომხეთში თითქმის ყველა არჩევნებს მოსდევდა მასობრივი პროტესტი მათი გაყალბების ბრალდებით, თუმცა უშედეგოდ. პარადოქსია, მაგრამ პირველი საპარლამენტო არჩევნები, რისი შედეგიც არავის გაუპროტესტებია, 2017 წლისა იყო, რითაც დღეს მოქმედი პარლამენტი აირჩეს. მიმდინარე პროტესტებს ბიძგი მისცა სერჟ სარგსიანის ტყუილმა: მას ნათქვამი ჰქონდა, რომ ახალ კონსტიტუციურ წესრიგში პრემიერობაზე პრეტენზია არ ექნებოდა, მერე კი მაინც გახდა პრემიერი. გამოვიდა, რომ ტყუილით გაატარა მასზე მორგებული კონსტიტუციური რეფორმა. პრემიერის პოსტზე სარგსიანის დანიშნული კარენ კარაპეტიანი რომ დარჩენილიყო, შესაძლოა, არც არაფერი მომხდარიყო.

მაგრამ როდესაც პროტესტმა შედეგი გამოიღო და სარგსიანი გადადგა, რევოლუციური ოპოზიცია პარადოქსულ სიტუაციაში აღმოჩნდა. საპარლამენტო სისტემაში ერთი კაცის გადადგომა პოლიტიკურად არაფერს ცვლის; მაგრამ საპროტესტო მობილიზაციამ გააჩინა არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის შანსი და მისი არგამოყენება აბსურდული გამოჩნდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოდან გავა? არ ვიცით. ჯერჯერობით ოპოზიცია ცდილობს, ქუჩის ზეწოლა არსებულ პარლამენტში დეპუტატების მაქსიმალური რაოდენობის გადმოსაბირებლად გამოიყენოს. ეს ნიშნავს, რომ ის მეტ-ნაკლებად კონსტიტუციურ ჩარჩოებში დარჩენას ცდილობს, თუმცა ოპოზიციის ზოგი მომხრე თავის ლიდერებს მეტი რადიკალიზმისკენ მოუწოდებს.

რევოლუციის ლოგიკურ ჩარჩოებში ჩასმა ფუჭია: ეს მაქსიმალური გაურკვევლობის მომენტია, სადაც ყველაფერს ლიდერების არასტანდარტული გადაწყვეტილებები და მასების ცვალებადი ენთუზიაზმი წყვეტს. რევოლუცია იმისია, რომ მნიშნელოვანი ცვლილებები მოიტანოს და ამისთვის ექსტრაორდინარული მეთოდები გამოიყენოს. მაგრამ მისი საბოლოო წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება ხელისუფლების ცვლის პროცესი (თუ ის მოხდა), იქნება თუ არა ის ლეგიტიმური ადამიანთა მაქსიმალურად დიდი რაოდენობის თვალში.

კომენტარები