თაღლითობა

სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლებისთვის 12 პირი პასუხისგებაში მიეცა

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მიეცა. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გაყალბებული მიღება - ჩაბარების აქტების გამოყენებით, რომლებიც ადასტურებდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თითქოსდა მათთვის საკუთრებაში გადაცემას, მოტყუებით დაირეგისტრირეს ქალაქ თბილისში, ყოფილი დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე არსებული, ჯამში 68 506 მ 2 მიწის ფართი, რომლის საერთო ღირებულება 787 371 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია." - წერია უწყების განცხადებაში. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები