თბილისის მერია

თუ შეღავათიან სამგზავრო ბარათს სხვა გამოიყენებს, ბარათს 6 თვით დაბლოკავენ

თბილისის მერიის ინიციატივით, მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებში ცვლილება შევიდა. მერიის ცნობით, გახშირდა შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევები. 

შეტანილი ცვლილების შედეგად, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს 6 თვის განმავლობაში. 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ავტომატურად, უფასოდ განიბლოკება.

მერიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში მოხდება.

შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ სოციალურად დაუცველები (10 თეთრი), მოსწავლეები (უფასო), სტუდენტები, მასწავლებლები, პენსიონერები, სამხედრო ვეტერანები (20 თეთრი).

კომენტარები